საქართველოს თასის გათამაშების მორიგი მერვედფინალური მატჩები დღეს თბილისსა და ბათუმში გაიმართა. ორმატჩიანი მერვედფინალური სერიის პირველი შეხვედრები გამართეს “ვერამ” და “ოლიმპმა”. მატჩი ოლიმპელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 81:74 (სტატისტიკა) დასრულდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სერიის მეორე მატჩის წინ 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და თუკი მომდევნო შეხვედრაში ამ უპირატესობას შეინარჩუნებენ, მეოთხედფინალში გავლენ. “ოლიმპმა”, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე 10-15 ქულით იგებდა, უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. “ვერა” სულ მდევრის როლში იყო და კმაყოფილი უნდა იყოს, თამაშის ბოლოსკენ ჩამორჩენის შემცირება რომ მოახერხა. ამით, ლევან ფაცაციას გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ოლიმპელთაგან 18 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა, რომელმაც 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. 17-17 ქულა დევანტე ფოსტერმა და კახა ჯინჭარაძემ მიითვალეს. 14 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი კენდრიკ ტომპსონის ანგარიშზე დაგროვდა. ვერელთაგან 22 ქულითა და 13 მოხსნით ჯოშ ჰავლი გამოირჩა. 18 ქულა აარონ პარკსმა მოაგროვა.
თბილისში გამართულ მეორე მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 99:91 (სტატისტიკა) სძლია “ზესტაფონს”. “ა” ლიგის წარმომადგენელი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები არ ეყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს, ბოლო წუთებზე კი ახალგაზრდებიც ათამაშეს და საბოლოოდ 8 ქულით იმარჯვეს.
თსუ-ში სამმაგი დუბლით ბრენდონ სლაი გამოირჩა – 23 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. 27 ქულა ქუენტინ დავმა მოაგროვა, ბრაის სმიტის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “ზესტაფონში” 33 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს ფლემინგი. 19 ქულა ლევან გოგალაძემ მიითვალა, დონიელ სეგერსის ანგარიშზე კი 15 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.
ყველაზე დაძაბული შეხვერა ბათუმში გაიმართა, სადაც “დინამო თბილისი” ჩავიდა და დაძაბულ ბრძოლაში – 80:78 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. დინამოელები ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით აგებდნენ, თუმცა ბრძოლისა და დისციპლინის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვების, უფრო ზუსტად კი, 2-ქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება. საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება და ბათუმელებს მეოთხედფინალში გასასვლელად 3 ქულით გამარჯვება ესაჭიროებათ.
თბილისელებს 26 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 11 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი ალონზო უოკერმა მიითვალა. ტაილერ უილიამსის ანგარიშზე კი 13 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. “ბათუმში” კარგი დებიუტი ჰქონდათ ამერიკელ ლეგიონერებს: ანტუან ჯონსონმა 15, ხოლო ტომას უაილდერმა – 14 ქულა მოაგროვა.