თასის გათამაშების მეოთხედფინალები საინტერესოდ დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თასის გათამაშების მეოთხედფინალები საინტერესოდ დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საქართველოს თასის გათამაშების ძირითადი ტურნირი დღეს, თბილისსა და რუსთავში დაიწყო. დებულების თანახმად, ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყო, მანამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, რომლის მიზანიც თასის გათამაშების მე-8 მონაწილის გამოვლენა იყო. მეოთხედფინალის ბოლო საგზური სუპერლიგის ცხრილის ბოლო 2 ადგილზე მყოფმა გუნდებმა – “ოლიმპმა” და “მაკაბიმ” გაითამაშეს. 2-მატჩიანი დაპირისპირება ოლიმპელებმა მოიგეს, რომლებმაც მეოთხედფინალში “დინამოსთან” შეხვედრის უფლება მოიპოვეს.

მეოთხედფინალური სერია 2-მატჩიანია, დღეს კი პირველი შეხვედრები გაიმართა. თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ერთმანეთს თავდაპირველად “სოხუმი” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყვილში მოედნის უპირატესობა აჭარლებს აქვთ, რომლებიც სერიაში პირველ მატჩს სოხუმელთა მოედანზე, ამ შემთხვევაში, თბილისში ატარებენ, საპასუხო მატჩს კი 2 დღეში
ბათუმში უმასპინძლებენ.

შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. სოხუმელებმა მთავარი მწვრთნელის გარეშე მყოფი “ბათუმი” 23 ქულის სხვაობით – 109:86 დაამარცხეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპასუხო, ბათუმში გასამართი მატჩის წინ სოლიდური მარაგი მოიპოვეს. აჭარული გუნდი რომ მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში გავიდეს, 22 იანვარს, ბათუმში, 23 ქულაზე მეტით უნდა იმარჯვოს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, როგორც ანგარიშიდან ჩანს, სოხუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პირველივე ტაიმში გაარკვია გამარჯვებულის ვინაობა. მასპინძლებმა საწყისი მეოთხედი 29:14 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კიდევ უფრო დიდი სხვაობით იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 31 ქულით – 63:32 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. სოხუმელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ, ბათუმელებმა კი ის მოახერხეს, რომ თამაშის ბოლოსთვის ჩამორჩენა 23 ქულამდე შეამცირეს. მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი ვახტანგ ქადარიამ დაიდო, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 23 ქულით შეეწია სოხუმელებს ირაკლი ჩლაიძე, გრიგოლ შვანგირაძემ 16 ჩააგდო, ფარზე კი ამერიკელმა ჯერემი საიმონსმა იმუშავა – 15 მოხსნა, 8 ქულა.

ბათუმელთა 86 ქულიდან მხოლოდ 10 მოდის ქართველებზე, დანარჩენი ოკეანგაღმელმა ლეგიონერებმა მიითვალეს – ჯერემი სეფოლდმა 31 ქულა დააგროვა, ჯუნიორ ქადუგინმა – 27, ხოლო ჯეიმი ჯექსონმა – 18.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი “დინამო” და თასის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული “ოლიმპი” შეხვდნენ. მატჩი საინტერესოდ წარიმართა. დავით თორთლაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა “დინამოს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი მეოთხედის 4:17 წაგების შემდეგ “ოლიმპმა” მოახერხა თამაშის დალაგება და მეორე ათწუთეულის 22:11 მოგებით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 26:28 დიდი შესვენებისთვის.

მესამე მეოთხედში ჩერნოგორიელი სტევან მილოშევიჩის აქტიურობით დინამოელებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს და მათმა უპირატესობამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია – 50:40 მესამე მეოთხედის შემდეგ. ბოლო მეოთხედში ოლიმპელები ეცადნენ, მაგრამ ძლიერი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხეს.

“დინამომ” საბოლოოდ 64:54 იმარჯვა და საპასუხო შეხვედრის წინ 10-ქულიანი უპირატესობა დაიბევა. ირაკლი ხოშტარიას გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო სტევან მილოშევიჩმა – რომელმაც 20 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. “ოლიმპში” ორმაგი დუბლით რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩა – 15 ქულა, 11 მოხსნა. ამ წყვილში სერიის საპასუხო შეხვედრა 22 იანვარს, ისევ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

თბილისში გამართული მესამე შეხვედრა ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “შსს-აკადემიამ” 79:76 დაამარცხა წყვილში ფავორიტად მიჩნეული “ქუთაისი” და საპასუხო მატჩის წინ 3-ქულიანი უპირატესობა დაიბევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა 2 ლეგიონერი დაიმატა, რის ხარჯზეც იმდენად გაძლიერდა, რომ სუპერლიგის ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ “ქუთაისს” მოუგო. სერბმა მილე ილიჩმა და ამერიკელმა პერიშ ბრაუნმა შსს-ელთა გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდეს. ილიჩმა 24 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ბრაუნმა კი აკადემიელებს 17 ქულა შესძინა.

თუ რომელი გუნდი გავა ნახევარფინალში, 22 იანვარს, ქუთაისში გადაწყდება, სადაც მეოთხედფინალური სერიის საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი – ბათუმი   109:86

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ღმერთის წყალობით, დღეს დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მართლაც სერიოზული გუნდი გვყავს, მაგრამ ამჟამად ფინანსური პრობლემების გამო ძალიან გაგვიჭირდა. იმედია, გუნდის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს სიტუაცია დალაგდეს. ჯერ გაურკვეველია, ბათუმში წავალთ თუ არა. თუმცა ვიმედოვნებ, ეს პრობლემები მოგვარდება.

ლაშა ოჩხიკიძე(,,ბათუმის” მწვრთნელი): დაცვაში ძალიან დაულაგებელი თამაშის გამო დავმარცხდით. საერთოდ არ გვქონდა მომზადებული არანაირი კომბინაცია და დღევანდელ შეხვედრას მოუმზადებლები შევხვდით. შევეცდებით, ბათუმში გამარჯება მოვიპოვოთ.

ოლიმპი – დინამო  54:64

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):  ,,დინამოსთან” ჩვენი მარცხი ალბათ არავისთვის იყო მოულოდნელი. უფრო მოულოდნელი ის იყო, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც მოინდომეს და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მარცხი მაინც მარცხია. ვეცდებით, მომდევნო შეხვედრაში ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): კარგია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს არ იყო ის თამაში, რომელიც უნდა გვეჩვენებინა.  მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა და მივულოცავ. პირადად ჩემთვის, ახლა მთავარია გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ყველას მიეცეს თამაშის საშუალება, რათა შევხედოთ, რა დონეზე ვართ, ვის რა შეუძლია და ვისგან რას უნდა მოველოდეთ მეორე წრის დაწყებისთვის.

შსს აკადემია – ქუთაისი  79:73

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ქუთაისი ძალიან სერიოზული მეტოქეა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ყველაფერი ქუთაისში გადაწყდებოდა. მართალია გავიმარჯვეთ, თუმცა სერიოზული ბრძოლა გველის წინ. დაგვემატა ორი ახალი ლეგიონერი და ჯერ გუნდს შეთამაშება აკლია, მითუმეტეს, ილიჩი ტრავმით თამაშობდა. პირველივე ვარჯიშზე დაიზიანა ხელი და პირდაპირ თამაშზე გამოვიდა. მოწინააღმდეგეს მადლობას ვეტყვი კარგი თამაშისთვის და ქუთაისში საბრძოლველად მივდივართ.

მალხაზ კოხრეიძე(,,ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): კარგი თამაში იყო, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. პირობები არ გვქონდა მაინცდამაინც კარგი და შეძლებისდაგვარად მოვემზადეთ. შესვენების შემდეგ მაქსიმალურად მოვინდომეთ, ბიჭებმა თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობები გვაქვს. რაც შეეხება მეტოქეს, ,,შსს აკადემია” გაძლიერდა და სერიოზული ამბიციებიც
აქვს. ველოდებით შემდეგ შეხვედრას ქუთაისში, საქართველოს თასზე გეზი ფინალისკენ გვაქვს.