სტატისტიკა გალერეასაქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილნი არიან. დღეს „ბათუმის“ დამარცხებით ფინალში გასულ „დინამოს“ „ქუთაისი“ შეუერთდა. იმერულმა კლუბმა „რუსთავს“ უმასპინძლა და 89:69 დაამარცხა.
შედეგად, შარშანდელი ფინალი განმეორდა. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს კვლავ „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ თასის მოქმედი მფლობელია „დინამო“, რომელიც ტიტულის დაცვას „ქუთაისთან“ შეეცდება.
რაც შეეხება „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ ნახევარფინალურ მატჩს, ის მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. იმერულმა კლუბმა 9:0 გაქცევის შემდეგ უპირატესობა აღარ დათმო. რუსთაველები ცდილობდნენ და პერიოდულად ჩამორჩენასაც ამცირებდნენ, მაგრამ მთლიანობაში თამაში ქუთაისელებს მიჰყავდათ და კარგად დაწყებული საქმეც გამარჯვებით დააგვირგვინეს.
მესამე პერიოდის წინ მასპინძლები 7 ქულით იგებდნენ და აღწუთეულის 26:17 მოგებით გადამწყვეტი მეოთხედის წინ კომფორტული – 16-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, საბოლოოდ კი 20 ქულით გაიმარჯვეს და ფინალში შეაბიჯეს. „ქუთაისს“ 18 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 15 ქულა დააგროვა ბექა ბექაურმა, გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. „რუსთავში“ 22 ქულით ბომბარდირი გახდა ქეისი კასპერბაუერი, 13-13 ქულა კი რეზო ჩაჩანიძემ და მორის ბრიგსმა მოაგროვეს.
თასის გათამაშების ფინალი 29 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): „გახარებული ვარ, რადგან ფინალის საგზური მოვიპოვეთ. თანაც „რუსთავს“ მოვუგეთ, რომელიც ჩვენი მეტოქე იქნება სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში. საბოლოოდ 20 ქულით კი გავიმარჯვეთ, მაგრამ იოლად არაფერი მოსულა. ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და იმედი მაქვს, მომავალ, გადამწყვეტ მატჩებში კიდევ უფრო მოუმატებს“.