თასის გათამაშების ნახევარფინალის ოთხივე მონაწილე ცნობილია. „არმიას“, „შსს-აკადემიას“ და „ქუთაისს“ „ოლიმპი“ შეუერთდა. სპორტის სამინისტროს გუნდმა ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში „დინამო“ 82:61 დაამარცხა.
ამით, ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა. თასისთვის ბრძოლას 4 გუნდი შემორჩა. „არმიამ“ მეოთხედფინალიდან ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გამოთიშა, ხოლო „შსს-აკადემიამ“ თსუ-ს აჯობა. დაძაბული გამოდგა „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ მეოთხედფინალური დაპირისპირება, რომელიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ იმერული კლუბის გამარჯვებით – 77:73 დასრულდა.
„ოლიმპმა“ 2 დღის წინ საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი მოიგო და თასის გათამაშებაც მძლავრად დაიწყო. თუ არ ჩავთვლით მესამე მეოთხედში ჩავარდნას, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა დინამოელებს ყველა კომპონენტში აჯობა.
პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „დინამოს“ 1-ქულიანი გამარჯვებით, 14:13 დასრულდა. მეორე პერიოდში ოლიმპელებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და მეოთხედის 22:7 მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის 14 ქულით დაწინაურდნენ.
მესამე ათწუთეულში „დინამო“ შორ სროლებზე გადავიდა. ამერიკელმა ფლინ კლაიმანმა ზედიზედ 3 შორი სროლა ჩააგდო, მისმა თანაგუნდელებმაც იყოჩაღეს და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები წინ გაიჭრნენ – 46:45. ამ მომენტმა „ოლიმპზე“ ცივი შხაპივით იმოქმედა. სპორტის სამინისტროს გუნდი გამოცოცხლდა და დარჩენილ დროში ისე შედეგიანად ითამაშა, მეტოქე ახლოსაც აღარ გაიკარა.
გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშა მიხეილ ბერიშვილმა, გიორგი გულისაბედაშვილმა, სტეფან მილოშევიჩმა და კოკა ტომარაძემ. ბოლო პერიოდი „ოლიმპმა“ 30:15 მოიგო და დიდი სხვაობით იმარჯვა. 20 ქულით ბომბარდირი მიხეილ ბერიშვილი გახდა, 16 ქულა დააგროვა მილოშევიჩმა, ხოლო ტომარაძემ და გულისაბედაშვილმა პირად ანგარიშზე 10-10 ქულა ჩაიწერეს. რაც შეეხებათ დინამოელებს, საუკეთესო 23 ქულის მომხვეჭი ფლინ კაიმანი გახლდათ, ხოლო 15 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა.
ხვალ, 25 იანვარს, საკალათბურთო აკადემია ნახევარფინალებს უმასპინძლებს. „არმია“-„შსს-აკადემია“ 16 საათზე დაიწყება, ხოლო „ქუთაისისა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირება 18 საათისთვისაა დანიშნული.
არმია-სტუ 115:66
შსს აკადემია – თსუ 85:62
რუსთავი-ქუთაისი 73:77
ოლიმპი – დინამო 82:61