სტატისტიკა საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილნი არიან. ამ მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ერთმანეთს „სოხუმი“ და „დინამო“ შეხვდებიან. ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური 6 აპრილს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში მოიპოვა, სადაც „რუსთავს“ საკმაოდ იოლად – 90:74 მოუგო.
რაც შეეხება პირველ ფინალისტს, სოხუმელებმა თასის ფინალში ასპარეზობის უფლება 1 თვის წინ მოიპოვეს, როცა ნახევარფინალში „ბათუმს“ მისსავე მოედანზე დამაჯარებლად მოუგეს. ამ მატჩის მსგავსად, არც დღევანდელ შეხვედრაში იგრძნობოდა დაძაბულობა. მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა იყო პირველ ტაიმში, რომელიც დინამოელებმა 44:37 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი „დინამო“ სტაბილურად ინარჩუნებდა უპირატესობას და ლიდერობას უფრო და უფრო სოლიდურს ხდიდა.
ბოლო პერიოდის წინ თბილისელები 10 ქულით იგებდნენ, რაც გუნდური თამაშის დამსახურება იყო. რუსთაველები კი ვერ ახერხებდნენ ერთ მუშტად შეკვრას. მათ ჰყავდათ გამოკვეთილად შედეგიანი მოთამაშე, მაგრამ კაელ ტურპინს თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ და საბოლოოდ მატჩი ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა.
„დინამომ“ 16 ქულით იმარჯვა და ფინალში გავიდა. თბილისურ გუნდს გიორგი შარაბიძემ 19 ქულით ულიდერა. 15-15 ქულა მოაგროვა ებრიუ მაკალპინმა და გრიგოლ შვანგირაძემ, ხოლო მაკსიმ კოვაჩევიჩის ანგარიშზე 12 ქულა და 8 პასი დაგროვდა. რუსთაველთაგან 32 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ამერიკელი ტურპინი.
ფინალური მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.