თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართება

საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „კაკტუსი“ შეხვდებიან. ქუთაისელები თასის მოქმედი მფლობელები არიან და ტიტულის დაცვა „კაკტუსთან“ მოუწევთ.

თასის გათამაშებაში 8 გუნდი ასპარეზობდა. დებულების თანახმად, სუპერლიგის შედეგების მიხედვით 8 მოწინავე გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა და პლეი ოფის სისტემით ბრძოლა ტიტულისთვის დაიწყო. მეოთხედფინალები 14 და 15 თებერვალს გაიმართა და ნახევარფინალში „ქუთაისი“ – „დინამოს“ დაუწყვილდა, ხოლო „რუსთავი“ – „კაკტუსს“.

ქუთაისელებმა „დინამოს“ 73:53 მოუგეს, ხოლო „კაკტუსმა“ რუსთავში მანპინძლებს 114:91 მოუგო და ფინალში გავიდა. „კაკტუსი“ სუპერლიგაში 2016 წელს გადმოვიდა და შესაბამისად, თასის გათამაშებაში მეორედ მონაწილეობს. რაც შეეხებათ ქუთაისელებს, თასის მოქმედ მფლობელებს ეს ტიტული 2014 წელსაც აქვს მოგებული.

„ქუთაისსა“ და „კაკტუსს“ შორის დაპირისპირება ხვალ, 3 მაისს, 16:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

 

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, „ქუთაისი“ ფავორიტია, მათ ჰყავთ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები, რომლებმაც იციან ფინალი როგორ ითამაშონ, მაგრამ ჩვენ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, ჩვენგან არავინ ელოდა თასის ფინალში გასვლას, ისევე, როგორც რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილით დამთავრებას. შემადგენლობის მხრივ, ბრიჯმენმა დატოვა გუნდი და ის ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, თუმცა ვეცდებით, სხვანაირად შევავსოთ.“

კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„მოგეხსენებათ, ქუთაისის გუნდი თასის მოქმედი მფლობელია და შესაბამისად, დიდი სურვილი გვაქვს ეს ტიტული შევინარჩუნოთ. ჩვენი მეტოქე „კაკტუსი“ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად კარგად თამაშობს, ამიტომ მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.“