2004-წლიანთა საქართველოს ფესტივალის ჩემპიონი “ჰიუნდაი” გახდა

2004-წლიანთა საქართველოს ფესტივალის ჩემპიონი “ჰიუნდაი” გახდა

დასრულდა 2004 წელს დაბადებულ  ბავშვთა საქართველოს მინი ფესტივალი, რომელიც  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართული სეზონის ბოლო შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 2004 წელს დაბადებულ ბავშვთა მინიფესტივალის ფინალში ერთმანეთს „აჭარის ნაკრები“ და „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 55:55 დასრულდა, დრამატულად წარიმართა ოვერტაიმიც, სადაც გადამწყვეტ მომენტში უპირატესობის მოპოვება ჰიუნდაელებმა შეძლეს,  მეტოქე 62:57 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის შეხვედრა, სადაც ქუთაისელებმა იბერის გუნდს  დამაჯერებლად 59:20 სძლიეს.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.მინიფესტივალში საპრიზო ადგილზე გასული გუნდები მედლებით, სიგელებით ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის სპორტული პროგრამების სამსახურის  უფროსმა მიხეილ ამაშუკელმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფესტივალის მონაწილე გუნდების 2-2 გამორჩეული მოთამაშისთვის  საჩუქრები დააწესა. მოთამაშეები ეროვნული ნაკრების მაისურებით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა  გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.
დასახელდა 2004 წლიანთა საქართველოს მინი ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე. აღნიშნული ტიტული ჰიუნდაის კალათბურთელმა ლუკა ლურსმანაშვილმა მოიპოვა, რომელიც პრიზით ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა, საჩემპიონო თასი კი „ჰიუნდაის“ გუნდს მიხეილ ამაშუკელმა გადასცა.

მე-3 ადგილი
იბერი – ქუთაისი 20:59
ფ ი ნ ა ლ ი
აჭარის ნაკრები – ჰიუნდაი 57:62