ჰიუნდაის ფინალში აკადემია შეუერთდა

2001 წლამდე დაბადებულთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. ლაშა თოიძის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ ნახევარფინალურ მატჩში 43:35 დაამარცხა „ორბი“ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ნახევარფინალური შეხვედრა საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა. ჰიუნდაელებმა პირველი მეოთხედი 9:4 მოიგეს და უპირატესობას ბოლო პერიოდამდე ზრდიდნენ. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყების წინ თოიძის გუნდი 35:23 იგებდა და ფაქტობრივად გამარჯვება განაღდებული ჰქონდა. „ორბმა“ სცადა თამაშის შემოტრიალება და ბოლო პერიოდი მოიგო (12:8) კიდეც, მაგრამ ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფინალში გასულ „ჰიუნდაის“ მოგვიანებით „აკადემია“ შეუერთდა. ალექსი ჯაფარიძის და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში „გორი“ გაანადგურეს – 65:30.

იშვიათად, რომ მინიკალათბურთში 50 ქულა ჩავარდეს. „აკადემიამ“ კი ნახევარფინალში ერთბაშად 65 ქულა მიითვალა, რითაც საკუთარი ფავორიტობა ცხადყო. სწორედ აკადემიელებმა მოიგეს 11 ივნისს დასრულებული თბილისის 2001-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალი, ამჯერად კი საქართველოს ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში არიან. ფინალში აკადემიელთა მეტოქე „ჰიუნდაიმ“ თბილისის ფესტივალზე მე-3 ადგილი დაიკავა.

გორელებმა პირველი მეოთხედი 7:24 დათმეს, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ „აკადემია“ გამარჯვებას აღარ დათმობდა. მიშო ზურაბაშვილის წინამძღოლობით აკადემიელებს აღარაფერი გასჭირვებიათ და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

„ჰიუნდაისა“ და „აკადემიის“ ფინალური შეხვედრა საკალათბურთო აკადემიაში 14:30 საათზე დაიწყება, მესამე ადგილისთვის მატჩი კი „ორბისა“ და „გორის“ მონაწილეობით 10:30-ზე დაიწყება.

 

17 ივნისი. საკალათბურთო აკადემია

ნახევარფინალი

ჰიუნდაი – ორბი    43:35 (9:4, 13:13, 13:6, 8:12)

ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი (24)

ორბი: ნიკოლაიშვილი (14)

აკადემია – გორი 65:30 (24-7; 11-8; 12-11; 18-4)

აკადემია: ზურაბაშვილი (22ქ)

გორი: თავაქარაშვილი (9ქ)