დინამომ მეორიალური თასი სოხუმს არ დაუთმო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური თასი თბილისის “დინამომ” მოიგო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში “სოხუმს” 80:75 სძლიეს და არსებობის ისტორიაში ოლიმპიური ჩემპიონების ხსოვნის ტურნირში პირველად იმარჯვეს.
სანამ ფინალი დაიწყებოდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ სპორტკომლექს “არენაში” ვეტერანები და ოლიმპიური ჩემპიონების ოჯახის წევრები შეკრიბა, რომლებთან ერთადაც სახელოვანი კალათბურთელები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დამსწრეთ მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და იმ ფასდაუდებელ სამსახურზე ისაუბრა, რომელიც ქართულ კალათბურთს ზურაბ საკანდელიძემ და მიხეილ ქორქიამ გაუწიეს.
წინასაფინალო შეკრებაზე სიტყვით ზურაბ საკანდელიძის ძმა, ანზორ საკანდელიძე და მიხეილ ქორქიას ბიძაშვილი, ნოდარ ქორქია გამოვიდნენ. ოლიმპიური ჩემპიონების ხსოვნის ტურნირის ფინალის წინ საკანდელიძისა და ქორქიას თანაგუნდელებმა, მეგობრება და ნათესავებმა დიადი კალათბურთელები გაიხსენეს, რის შემდეგაც საგანგებოდ მომზადებული, ტურნირის ლოგოთი დამშვენებული ტორტი ნოდარ ქორქიამ და ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო საკანდელიძემ გაჭრეს.
სატიტულო მატჩი ისეთი გამოვიდა, ფინალს რომ ეკადრება. მაყურებელმა დაძაბული და საინტერესო ბრძოლა იხილა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. არადა, თამაში ისე დაიწყო, ბევრი იფიქრებდა, “დინამო” იოლ გამარჯვებას მოიპოვებსო. პირველ მეოთხედში სუპერლიგის პირველი წრის ლიდერი სოლიდურად დაწინაურდა. ქიენ კარტერის, გიორგი გამყრელიძის და სტევან მილოშევიჩის აქტიურობით “დინამო” 23:12 დაწინაურდა, მეოთხედი კი 26:16 მოიგო.
მეორე პერიოდი იგივე სცენარით გაგრძელდა. ის კი რა, “დინამომ” ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 13-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, რაც გახდა კიდეც სოხუმელთა აფეთქების საბაბი. ჯერემი საიმონსმა, ჯოშუა ჯექსონმა, ირაკლი ჩლაიძემ და რატი ბააკაშვილმა მიჯრით მიითვალეს ქულები და 23:5 მოგებული 5-წუთეულის შემდეგ “სოხუმი” დიდ შესვენებაზე ლიდერად გავიდა – 43:38.
მესამე ათწუთულის დასაწყისში “დინამომ” ისევ იძალა, რაც უპირველეს ყოვლისა, საიმედო დაცვითი თამაშით იყო განპირობებული. 50:59 ჩამორჩენის შემდეგ “სოხუმი” მაინც არ გატყდა და ბოლო მეოთხედის წინ ჯერ ჩამორჩენა შეამცირა, შემდეგ წინაც გავიდა. ჯექსონის, ვახტანგ ქადარიას და პეტარ ივანიჩის შედეგიანობამ სოხუმელებს ტიტულის მოგების იმედი გაუჩინა, მაგრამ ბოლო წუთებში შეუჩერებელი იყო დინამოელი გოლიათი სტევან მილოშევიჩი, რომელიც 33 ქულით ფინალის ბომბარდირი გახდა და მოგვიანებით, დამსახურებულად დაასახელეს ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად. გადამწყვეტ წუთებში მეტი მობილიზება და სიზუსტე “დინამოს” კალათბურთელებმა გამოავლინეს, რის ხარჯზეც მოიგეს კიდეც მატჩი და შესაბამისად – მემორიალიც.
მილოშევიჩმა საბოლოოდ ორმაგი დუბლი მოაგროვა (33 ქულა, 11 მოხსნა), ისევე როგორც მისმა თანაგუნდელმა, ამერიკელმა ქიენ კარტერმა – 16 ქულა, 10 მოხსნა. 11 ქულა მიითვალა მიხეილ ჭოჭუამ, გიორგი გამყრელიძის ანგარიშზე კი 13 შედეგიანი გადაცემა და 8 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 20 ქულით ჯოშუა ჯექსონი იყო საუკეთესო, 2 ორმაგი დუბლი კი ჯერემი საიმონსსა (17 ქულა, 11 მოხსნა) და ვახტანგ ქადარიაზე (15ქ, 11მ) მოდის.
ფინალის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვებულთა და გამორჩულ მოთამაშეთა დაჯილდოვება. საუკეთესო ფორვარდ სტევან მილოშევიჩს და უკანახაზელ ჯოშუა ჯექსონს სპეციალური პრიზები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა. ტურნირის გამარჯვებული “დინამოს” კაპიტანმა გიორგი გამყრელიძემ საჩემპიონო თასი და სპეციალური დიპლომები ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილებისა და მიხეილ ქორქიას ძმისშვილისგან ჩაიბარა.
ფინალამდე სპორტკომპლექს “არენაში” საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის მე-5 და მე-3 ადგილები გათამაშდა. ბოლოსწინა ადგილი ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულმა გუნდებმა გაითამაშეს. “ოლიმმა” 80:52 დაამარცხა “შსს-აკადემია”, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა “არმიასა” და “რუსთავს” შორის. ქვემოქართლური გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა სუპერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ არმიელებს, თუმცა კოტე ტუღუშის გუნდმა ბოლო წამებზე მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. გადამწყვეტი 2-ქულიანი მიხეილ ბერიშვილმა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ჩააგდო და თავდაცვის სამინისტროს გუნდს 66:64 მოაგებინა.
2013 წლის ღონისძიებები საკანდელიძე-ქორქიას მემორიალით დასრულდა. ახალი წლისა და შობის დღესასწაულების შემდეგ საკალათბურთო სეზონი 2014 წლის 17 იანვარს, თასის გათამაშების მატჩებით განახლდება.
მაცაცო საკანდელიძე: ძალიან მადლიერი ვარ, წლების მანძილზე ტარდებოდა ეს ტურნირი და უკვე ტრადიციად იქცა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ დღეს ასეთი დღესასწაული მოგვიწყეს. მემორიალი მომავალი თაობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ იცოდნენ რომ საქართველოს ჰყავდა ორი ასეთი დიდი ვარსკვლავი, ოლიმპიური ჩემპიონი.
ნოდარ ქორქია: მთლიანობაში ძალიან კარგი ტურნირია, პირველ რიგში კი ახალგაზრდებისთვის. მათ უნდა იცოდნენ ასეთი დიდი სპორტსმენების სახელები და გვარები. სურვილი მაქვს რომ ტურნირს საერთაშორისო სახე მივცეთ და უცხოეთიდან მოვიწვიოთ ძლიერი გუნდები, რათა ტურნირი უფრო საინტერესო იყოს და სპორტის სასახლე ისე ივსებოდეს, როგორც ადრე ამ ვარსკვლავების თამაშის დროს ივსებოდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მილოცავ მთლიანად ,,დინამოს’’ პირველ რიგში მოთამაშეებს, რომლბმაც თავდადებით იბრძოლეს და ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ყველაზე მთავარი კონკურენტი დღეს სოხუმია. რომელსაც ძალიან ძლიერი და სწრაფი თამაშით გამორჩეული მოთამაშები ჰყავს. მე-2 მეოთხედში კატასტროფული ჩავარდნა გვქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით რომ ამ თამაშში ჩვენ გაგვემარჯვებინა.
ვაჟა კვარაცხელია (”სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ”დინამოს” დღევანდელ გამარჯვებას, ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებდა. მას აწყობილი მექანიზმი და სისტემა აქვს. რაც შეგვეხება ჩვენ, გავაგრძელებთ მუშაობას და გავაკეთებთ ყველაფერს რათა ბევრად უკეთესი მდგომარეობა და შედეგი გვქონდეს. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი გუნდის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებს.
სტევან მილოშევიჩი: მივულოცავ “სოხუმს” ასეთ ბრწყინვალე თამაშს და რა თქმა უნდა მივულოცავ ჩემს გუნდს პირველი ტიტულის მოპოვებას. 2013 წლის სეზონი შესანიშნავად დავასრულეთ და იმედია ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ. მეორე პერიოდში საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ საბედნიეროდ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, რითაც მთელი სეზონის შრომა დაგვიფასდა.
ჯოშუა ჯექსონი: მივულოცავ ”დინამოს”, კარგად ითამაშეს, დაძაბული და საინტერსო თამაში შედგა. ბოლო პერიოდში ბევრი სროლა გავაფუჭეთ, მეტოქემ კი ბევრი ბურთი ჩააგდო. სამწუხაროდ, ჩვენი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა გადამწყვეტ მეოთხედში და მარცხი განვიცადეთ. უნდა აღვნიშნო, რომ მესამე მეოთხედის მე-3 წუთიდან მსაჯმა დავით ბერეკაშვილმა მხოლოდ ერთხელ დაუსტვინა ჩემზე. იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ვფიქრობ, ფედერაციამ ეს საშინელი ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს და აუცილებლად უნდა განიხილოს. თანაც ეს პირველად არ ხდება ბერეკაშვილის მხრიდან. “ბათუმთან” თამაშზეც უსამართლოდ იმსაჯა და ვერ გამიგია ჩვენს საწინააღმდეგოდ რატომ იქცევა. არადა, ბათუმის ლეგიონერები ჩვენზე უკეთესები ნამდვილად არ არიან. ”დინამოს” გულწრფელად ვულოცავ ამ გამარჯვებას, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა.