კავკასია ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია

კავკასია ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების რიგით მე-19 გათამაშება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო, რომლისთვისაც ეს გახლდათ პირველი ტიტული არსებობის 6-წლიან ისტორიაში.

კავკასია 2018 წელს შეიქმნა და 4 სეზონი “ა” ლიგაში გაატარა, საიდანაც სუპერლიგაში 2022 წელს აღზევდა. სადებიუტო სეზონში კავკასიამ სუპერლიგის ბრინჯაოს მედალი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი მძიმე სტარტის მიუხედავად შემადგენლობაში გონივრული ცვლილებები განახორციელა და დღეს თავისი პირველი ტიტული – საკანდელიძე-ქორქიას თასი მოიგო.

ფინალურ მატჩში კავკასიელებმა დამაჯერებლად დაამარცხეს ქუთაისი-2010, რომლისთვისაც აღნიშნულ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ქუთაისელები იყვნენ და წლების განმავლობაში ეს ტურნირი მთლიანად, ხანაც მისი ფინალური მატჩი ქუთაისში იმართებოდა. საბოლოოდ გუნდებს შორის 7-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ეს არ ასახავს რეალობას. საფინალო სირენამდე 100 წამით ადრე კავკასია 21 ქულით – 104:83 იგებდა და დარჩენილ დროში, რომ იტყვიან, გაჩერდა. ქუთაისი არ გაჩერებულა, დასკვნითი 1:40 წუთი 19:2 მოიგო და საბოლოო ანგარიშს ბრძოლის იერი მისცა.

კავკასიამ ფინალი დამსახურებულად მოიგო. ბექა წივწივაძემ და მისმა ასისტენტებმა – გოგა ცეკვავამ და საბა ჯაყელმა დიდი სამუშაო გასწიეს. კავკასიის მწვრთნელთა შტაბი მემორიალს ყველა თამაშს დაესწრო. წივწივაძე ასისტენტთან ერთად ყველა შესაძლო მეტოქის მატჩს დარბაზშიც უყურებდა და როგორც აღმოჩნდა, ვიდეო-სკაუტინგსაც წარმატებით აწარმოებდა. კავკასიამ ძალიან ძლიერ ქუთაისს, რომელმაც ნახევარფინალში სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დაჯაბნა, შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ წივწივაძის გუნდს შორი სროლები წაუვიდა და მესამე პერიოდში რომ მეტოქეს გაექცა, დიდწილად სამქულიანების დამსახურებაა, თუმცა მხოლოდ გამართლების ხარჯზე თამაშს ვერ მოიგებ. კავკასიელებმა გააზრებულად, სწორი კალათბურთი ითამაშეს და როცა გეგმას მიჰყვები, მწვრთნელის დავალებას ასრულებ, ბურთებიც ვარდება.

14 სამქულიანი კავკასიელებმა 27 ცდიდან ჩააგდეს – დიდებული შედეგია, თუმცა ფარქვეშ რომ გონივრულად არ ეთამაშათ, ან დაცვაში მოდუნებულიყვნენ, გამოცდილი მოთამაშეებითა და მწვრთნელით დაკომპლექტებული ქუთაისი კავკასიას არ აპატიებდა. გუნდური გარჯითა და გვერდზე დგომით კავკასიამ არათუ მოიგერია ქუთაისის შემოტევა, ბოლო პერიოდში იქით შეუტია და 10-ქულიანი ლიდერორბა 20-ამდე გაზარდა. 

უკანა ხაზში ძალიან კარგად ირჯებოდნენ ლუკა მაზიაშვილი და გრეგ ფარემი, შუა ხაზში ფაქტობრივად უშეცდომოდ ირჯებოდნენ ახალწვეული ჯავაუნ დენიელსი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი, ხოლო ფარქვეშ ილია ლონდარიძე და მეორე ახალწვეული აიზია ელისი ძალიან სასარგებლო იყო – განსაკუთრებით, დაცვაში. ალბათ ამის გამოც იყო, აკაკი დვალიშვილი პერიმეტრზე რომ იწევდა და სამქულიანებიც ჩააგდო, თუმცა მთლიანობაში ქუთაისს უფრო მეტი სჭირდებოდა და შუა ხაზის მოთამაშეებმა მისია ბოლომდე ვერ შეასრულეს.

როგორც აღვნიშნეთ, მატჩის ბედი საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა, როცა კავკასიის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა. მატჩი საბოლოოდ 106:99 (სტატისტიკა) დასრულდა და გამარჯვებულთაგან გამორჩეულად შთამბეჭდავი სტატისტიკა არავის ჰქონია, რაც კავკასიელთა გუნდურ თამაშზე მიუთითებს. საუკეთესო შედეგი ჯავაუნ დენიელსმა დააფიქსირა – 19 ქულაა, 7 მოხსნა, 2 პასი. დენიელსი გახდა ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, რომელიც მატჩის შემდეგ სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.

ტურნირის საუკეთესო უკანახაზელის პრიზი ლუკა მაზიაშვილმა მიიღო, რომელმაც 15 ქულა, 5 პასი და 3 მოხსნა მითვალა. მაზიაშვილი სამახსოვრო პრიზითა და დიპლომით კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანს, ილია ლონდარიძეს საჩემპიონო თასი ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, ქალბატონმა მანანამ და შვილიშვილმა, ანა საკანდელიძემ გადასცეს.