მ.ქორქიასა და ზ.საკანდელიძის მემორიალი დაიწყო

მ.ქორქიასა და ზ.საკანდელიძის მემორიალი დაიწყო

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალმა, რომელშიც სუპერლიგაში მოასპარეზე 7 გუნდი მონაწილეობს: არმია, დინამო, სტუ, შსს, სოხუმი, თსუ და რუსთავი.

მემორიალის პირველ დღეს ერთმანეთს შსს -,,რუსთავი“, ,,დინამო“-სტუ და ,,სოხუმი“-თსუ დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,ქვემოქართლელთა“ გუნდი დამაჯერებლად 93:79 დაამარცხა და მემორიალი გამარჯვებით გახსნა. ,,ძალოვანთა“ შემადგენლობაში საუკეთესო ლარი ბლერი გახდა, რომელმაც 27 ქულითა და 13 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო რუსთაველთა რიგებში 22 ქულა ლევან ხმელიძის ანაგარიშზეა. ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა ვატო ბააკაშვილს, რომელმაც 12 ქულა და 9 შედეგიანი მიითვალა.

დღის მეორე  მატჩში შედგა სტუ-სა და ,,დინამოს“ დაპირისპირება, სადაც დინამოელებმა სოლიდური სხვაობით, 94:73 იმარჯვეს. მოგებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ქიენ კარტერის ანგარიშზეა – 23 ქულა და 12 მოხსნა. ,,ტექნიკოსთა“ შემადგენლობაში კიყველაზე მეტი 13 ქულა ზვიად ანთაძემ დააგროვა.

მემორიალის პირველი დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სოხუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა – 74:69. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მატჩი,,ზღვისპირელთა“ უპირატესობით დაიწყო, რომელთაც შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. სულ სხვაგავარად წარიმართა მესამე მეოთხედი, რომელიც ფრედ -20:20 დასრულდა, ხოლო შეხვედრის ბედი გადამწყვეტ, ბოლო ათწუთეულში გაირკვა: თსუ-მ ,,სოხუმი“ 27:9 გაანადგურა და  მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

,,სტუდენტებს“ 26 ქულით თორნიკე ნინიაშვილმა ულიდერა, ხოლო 10 ქულითა და ამდენი მოხსნით ორმაგი დუბლი სოსო შერმადინმა გაიფორმა. რაც შეეხებათ ,,სოხუმს“, მის შემადგენლობაში 20 ქულა ლაშა ფარღალავას ანგარიშზეა, ხოლო 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ჯგერენაიამ
მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში  მ.ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალის სამი შეხვედრა გამართება. მატჩები კვლავაც 12, 14 და 16 საათზე შედგება. ერთმანეთს სოხუმი – რუსთავი, შსს-თსუ და და არმია-სტუ დაუპირისპირდებიან.