ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი საკალათბურთო კლუბი მეგაა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ რუსთავთან 14-ქულიანი მარცხის შემდეგ რევანში ჯგუფის მეორე წევრ კაკტუსს აუღო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. მეგამ ჯგუფური თამაშები დაასრულა, თუმცა დარჩენილ ერთ შეხვედრაში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ეს გუნდი პირველი, უფრო კი მეორე ადგილის ქვემოთ აღარ ჩამოვა. ეს უპირატესობა მეგას კაკტუსთან დამაჯერებელმა – 18-ქულიანმა გამარჯვებამ მოუტანა.
ფავორიტად კაკტუსი მიიჩნეოდა, რომელმაც სუპერლიგის პირველ წრეში 10-დან 8 შეხვედრა მოიგო და ცხრილის ლიდერია. მეგას მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს და ბოლოს სუპერლიგის ლიდერია და ბოლოსწინა ადგილზეა. თანაც მეგამ მემორიალის პირველ შეხვედრაში რუსთავთან უშანსოდ წააგო და დღეს კაკტუსთან საკუთარ თავს აჯობა. 81:63 (სტატისტიკა) – ამ ანგარიშით აჯობა მეგამ მეტოქეს და ამაში ლომის წილი რონი როზიეს მიძღვის, რომელმაც 34 ქულა მიითვალა. მასთან ერთად 14 ქულითა და 12 მოხსნით მარქუს გილსონი გამოირჩა.
მეგასთან ერთად ნახევარფინალში გავა რუსთავიც, თუ ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კაკტუსთან 16 ქულაზე მეტს არ წააგებს. აი, მეორე ჯგუფში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველაზე კარგი შანსი თსუ-ს აქვს, რომელმაც დღეს ვერას 111:102 (სტატისტიკა) სძლია. უნივერსიტეტელთაგან თავი გამოიჩინა გუნდის ახალბედამ, წინა სეზონში მეგაში მოთამაშე ჯიმონ ჰენსონმა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. 20 ქულა და 14 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა.
B ჯგუფის ბოლო მატჩში თსუ და ორბი შეხვდებიან. თუკი ორბმა 11 ქულით გაიმარჯვა, ნახევარფინალში მასთან ერთად ვერა გავა. ისე ორბი რომ თსუ-სთან ერთად ჯგუფიდან გავიდეს, უნივერსიტეტელებს 8, 9 ან 10 ქულით უნდა აჯობოს. ეს ყველაფერი ვარაუდებია, ისე კი, აღნიშნულ მატჩში მოგების უმეტესი შანსი (ობიექტური რეალობიდან გამომდინარე) თსუ-ს აქვს და თუ უნივერსიტეტელები იმარჯვებენ, ნახევარფინალში ვერას გაიყოლებენ.