საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის 4 მატჩი გაიმართება, საიდანაც პირველი შეხვედრა „ოლიმპსა“ და სტუ-ს შორის შედგა.
მიმდინარე სუპერლიგის ლიდერმა „ოლიმპმა“ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 76:58 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა, ტექნიკოსებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს. გუშინ, „არმიასთან“ მატჩის დროს მომხდარი შიდაგუნდური ჩხუბის გამო სტუ-ს დისკვალიფიცირებული ვაჟა ჯანაშია და გიგა კვეტენაძე აკლდნენ. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, დიდი შესვენების შემდეგ კი „ოლიმპი“ მხოლოდ 1 ქულას იგებდა. მესამე პერიოდი გამოდგა ისეთი, რომელშიც გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს. აღნიშნული პერიოდი „ოლიმპმა“ 27:10 მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდი, პირველის მსგავსად, ფრედ – 18:18 დამთავრდა.
გამარჯვებულებს 14 ქულითა და 10 მოხსნით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, ხოლო ტომარაძემ, მილოშევიჩმა და ფაცაციამ 12-12 მიითვალეს. რაც შეეხებათ ტექნიკოსებს, 17 ქულით საუკეთესო გიორგი პირველაშვილი იყო.
საინტერესო გამოდგა თსუ-სა და შსს აკადემიის შეხვედრა. უფრო სწორად, მისი საწყისი 3 მეოთხედი იყო დაძაბული. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შინაგან საქმეთა აკადემიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო მეოთხედის ჩაგდების გამო დამარცხდა.
პირველი მეოთხედი სტუდენტებმა 20:12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 13 ქულით იგებდნენ. დიდი შესვენების შემდეგ აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს და მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს. აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თსუ 10 ქულით იგებდა, თუმცა ამერიკელი კირკ არჩიბეკის შედეგიანი თამაშის წყალობით შსს-მ სხვაობა გააბათილა.
ბოლო მეოთხედში აკადემიელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და სტუდენტების წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს. დეონტა ვონმა და ილია ლონდარიძემ არჩიბეკთან ერთდ შსს-ს საიმედო ლიდერობა მოუპოვეს და საბოლოოდ “ძალოვნებმა” 75:62 იმარჯვეს.
შსს-ში 21 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო კირკ არჩიბეკი გახლდათ, 19 ქულა ჰქონდა დენოთა ვონს, ხოლო ლონდარიძემ 13 ქულა მიითვალა.
სულ ცოტა დააკლდა „სოხუმს“, მემორიალის პირველი სენსაცია რომ მოეხდინა. ვაჟა კვარაცხელია გუნდმა ღირსეულად იბრძოლა ფავორიტი „რუსთავის“ წინააღმდეგ და რომ არა ბოლო წუთებზე გამოჩენილი ინერტულობა, ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებდა.
სოხუმელებმა პირველი, მეორე და მესამე მეოთხედები მოუგეს რუსთაველებს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 10 ქულით იგებდნენ. ქვემოქართლურმა გუნდმა მთელი 30 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხა თამაშის სასურველ კალაპოტში ჩაყენება. სოხუმელები ბოლომდე იბძოდნენ და ლიდერობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.
სოხუმელებს ლიდერობდა ირაკლი ჩლაიძე, რომელმაც საბოლოოდ 29 ქულა მოაგროვა. 11 ქულა და 12 მოხსნით გამოირჩა ვახტანგ ქადარია, თუმცა ბოლო წუთებზე ამ მოთამაშეებმა წარმატებით საქმის დაგვირგვინება ვერ მოახერხეს. „რუსთავმა“ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც ლიდერობა მოიპოვა და ბოლომდე შეინარჩუნა. ქვემოქართლელებმა საბოლოოდ 80:72 მოიგეს.
გამარჯვებულებში 20 ქულით საუკეთესო მიხეილ ჭოჭუა გახლდათ, გოგს ცეკვავამ 18 ქულა მოაგროვა, ამერიკელმა ნეით ბოუიმ კი პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის მესამე ტური საინტერესო და დაძაბული მატჩით დასრულდა. ტურნირის მოქმედმა ფლობელმა „არმიამ“ თბილისის „დინამოსთან“ მარცხი განიცადა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა არმიელები 78:75 დაამარცხა.
თუკი თავდაცვის სამინისტროს გუნდს ლეგიონერები დააკლდა, „დინამოში“ ტრავმის გამო მილან ოლუიჩმა და ქიენ კარტერმა ვერ ითამაშეს. მატჩი თანაბარი და ძალიან დაძაბული გამოდგა. დინამოელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მაგრამ არმიელები არ რჩებოდნენ და პირველი მეოთხედის 5 ქულით წაგების შემდეგ, დიდი შესვენებისთვის ანგარიში გაათანაბრეს.
მესამე პერიოდმა ვერაფერი გადაწყვიტა და უკვე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვეოდა. დრამატული გამოდგა მატჩის უკანასკნელი 3 წუთი. ამ მომენტისთვის დინამოელები 72:67 დაწინაურდნენ, რაც ძირითადად ბექა ჩიკვილაძისა და ამერიკელი ფლინ კლაიმანის დამსახურება იყო. არმიელებმა მაინც მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილება – გიორგი გამყრელიძემ და ბექა წივწივაძემ სამქულიანები ჩააგდეს და საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ანგარიში 75:75 გახდა.
დინამოელებმა ბურთის გათამაშებით რამდენიმე საჭირო წუთი მოიგეს და შეტევისთვის განკუთვნილი დრო რომ იწურებოდა, ამერიკელმა ლამარ კარიმმა ზუსტი სამქულიანით „დინამო“ 78:75 დააწინაურა. არმიელებს მატჩის გადასარჩენად 18 წამი ჰქონდათ და ამის გასაკეთებლად ხელსაყრელი სიტუაციაც ჰქონდათ, თუმცა ირაკლი საყვარელიძის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია.
ხვალ მემორიალზე კიდევ 4 მატჩია, რომლის განრიგსაც კალენდარში ნახავთ.