ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ნახევარფინალისტები ცნობილნი არიან. პლეი ოფში გუშინ გასულ ვერას და ქუთაისს დღეს თსუ და კაკტუსი შეუერთდნენ, რომლებიც ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ: ვერა – კაკტუსი, ქუთაისი – თსუ.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული 4 მატჩიდან ორში ნახევარფინალისტთა ვინაობა ირკვეოდა, ორ შეხვედრას კი ინტრიგა დაკარგული ჰქონდა. შესაბამისად, უმოტივაციო მატჩებმა ზედმეტი დაძაბულობისა და ემოციების გარეშე ჩაიარა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა ტიტებმა მემორიალის შარშანდელი გამარჯვებული და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი რუსთავი 84:69 (სტატისტიკა) დაამარცხა. რუსთაველებმა ნახევარფინალში გასვლის შანსი ვერასთან მარცხით დაკარგეს, ისევე როგორც ტიტებმა და ჯგუფში ჩარჩენილი გუნდების მატჩი ბრძოლის ჟინისგან დაცლილი იყო.
ასევე იყო დინამოსა და მგზავრების შეხვედრაც. ორივე მათგანმა თავისი შეხვედრა ქუთაისთან წააგო და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგა. მგზავრებმა 9 კალათბურთელით ითამაშა და 78:87 (სტატისტიკა) წააგო.
ძალიან დაძაბული გამოდგა კაკტუსისა და ცხუმ-აფხაზეთის დაპირისპირება. კაკტუსელებს 3 ქულით წაგება და ამაზე უკეთესი შედეგი აძლევდა ხელს. ცხუმელებს კი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ 7 ქულით გამარჯვება სჭირდებიოდათ, ხოლო კაკტუსელთა 4, 5 ან 6 ქულით გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან მესამე წევრი – მეგა გადიოდა. ამ უკანასკნელმა ცხუმ-აფხაზეთს 5 ქულით სძლია, ხოლო კაკტუსთან 4-ით დამარცხდა და საკუთარ თავზე აღარ იყო დამოკიდებული.
ისე მოხდა, რომ ცხუმ-აფხაზეთი კაკტუსთან მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა, ხოლო ბოლო 2 წუთში მცირედით დაწინაურება მოახერხა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 7 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე 3 ქულით მოლიდერე ცხუმელების წევრი ზურა მაჩალაძე საჯარიმოს ესროდა, რომელმაც ბურთის კვლავ დაუფლების მოტივით განზრახ ააცილა და ამან გაუმართლა. ფარიდან ასხლეტილი ბურთი ცხუმელებმა მოხსნეს, პერიმეტრზე გაიტანეს და ტაილერ გრინმა სამქულიანი ესროლა, რომელიც მიზანს ასცდა და საბოლოოდ შეხვედრა კაკტუსელთა 3-ქულიანი მარცხით – 66:69 (სტატისტიკა) დასრულდა. ისე გამოვიდა, რომ ცხუმელებს ის საჯარიმო რომ ჩაეგდოთ, ჯგუფიდან მეგა გადიოდა.
ასე კი D ჯგუფის სამივე მონაწილემ თითო მოგებ-წაგება დააგროვა და საუკეთესო ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა. კაკტუსს და მეგას ამ მხრივ თანაბარი შეფარდება (+1) დაუგროვდათ, ხოლო ცხუმ-აფხაზეთი -2 შეფარდებით მესამე ადგილზე გავიდა. მეგასა და კაკტუსს შორის უმჯობესი პირადმა შეხვედრამ გადაწყვიტა, რომელიც კაკტუსელებს ჰქონდათ მოგებული და ნახევარფინალშიც არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი გავიდა.
დაბოლოს მეოთხე ნახევარფინალისტიც გაირკვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ ოლიმპი 96:88 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით პლეი ოფში გავიდა. უნივერსიტეტელები მთელი თამაში იგებდნენ. ისინი ერთობ დისციპლინირებულად და გამართულად თამაშობდნენ, რაც შეეგშიც აისახა. გამარჯვებულებს ქუენტინ დავმა ულიდერა, რომელიც ერთნაირად სახიფათოა როგორც ფარქვეშიდან, ისე – პერიმეტრიდან. ამერიკელმა ლეგიონერმა 4 სამქულიანი, 6 ორქულიანი და ამდენივე საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მისმა მონაგარმა 30 ქულა და 9 მოხსნა შეადგინა.
მემორიალის ნახევარფინალებში გამარჯვებული გუნდები სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. ფინალური შეხვედრა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მშობლიურ ქუთაისში, 24 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.