მემორიალის ნახევარფინალისტები ცნობილია: თსუ – მეგა, რუსთავი – ვერა

მემორიალის ნახევარფინალისტები ცნობილია: თსუ – მეგა, რუსთავი – ვერა

ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის ნახევარფინალისტები ცნობილია. დღეს დასრულებული ჯგუფური ეტაპის შედეგად გაირკვა, რომ ნახევარფინალში მეგა თსუ-ს შეხვდება, ხოლო რუსთავი – ვერას.

როგორც იცით, პირველი ნახევარფინალისტი გახლდათ მეგა, რომელმაც გუშინ გაინაღდა “ა” ჯგუფიდან გასვლა. ამ ჯგუფიდან ნახევარფინალის მეორე საგზურისთვის კაკტუსი და რუსთავი იბრძოდნენ, თუმცა უპირატესობა ქვემოქართლურ გუნდს ჰქონდა, რომელსაც 15 ქულით წაგებაც კი ჰყოფნიდა, ჯგუფიდან რომ გასულიყო. მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კაკტუსი 18 ქულით (70:52) იგებდა. 

რუსთაველებმა შეძლეს და დასრულებამდე ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, რამაც მათ საშუალება მისცა, ჯგუფში პირველ ადგილზე გასულიყო. კაკტუსს, მეგას და რუსთავს თანაბარი ქულები დაუგროვდათ, თუმცა ბურთების შეფარდებით კაკტუსს ბოლო ადგილი ერგო. ბურთების თანაბარი შეფარდების მქონე მეგასა და რუსთავს შორის უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებულ რუსთავს მიენიჭა. 

რუსთავი ნახევარფინალში ვერას შეხვდება. ვერელებმა ჯგუფური ეტაპი გუშინ დაასრულეს და დღეს თსუ – ორბს შორის მატჩზე იყვნენ დამოკიდებულნი. თსუ ფავორიტად ითვლებოდა და იმარჯვა კიდეც. უნივერსიტეტელები 2 მოგებით პირველზე გავიდნენ, მეორე ადგილი კი ვერამ დაიკავა.

ნახევარფინალური მატჩები 8 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 14:00 საათზე რუსთავი ვერას შეხვდება, ხოლო 16:00 საათზე თსუ მეგას დაუპირისპირდება.