მემორიალის ნახევარფინალში რაშს ქუთაისი, კავკასია და თსუ შეუერთდნენ

მემორიალის ნახევარფინალში რაშს ქუთაისი, კავკასია და თსუ შეუერთდნენ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ჩატარებული 1 წრის შედეგად, რომლის განმავლობაში 12 მატჩი ჩატარდა, 3 ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა. პლეი ოფის საგზურები მოიპოვეს და რიგით მე-19 გათამაშების მოსაგებად ბრძოლას აგრძელებენ – რაში, ქუთაისი, კავკასია და თსუ. ნახევარფინალში გუნდები შედეგების მიხედვით დაწყვილდნენ: საუკეთესო შედეგის მქონე ქუთაისი უარესი შედეგის მქონე თსუ-ს დაუპირისპირდა, ხოლო მეორე-მესამე კავკასია და რაში ერთმანეთთან დაწყვილდა. 

მოკლედ მიმოვიხილოთ მოვლენები, რომლებიც დღევანდელ, ბოლო ტურში განვითარდა…

 

 

C ჯგუფი |  ქუთაისი vs გაუ
სტატისტიკა: 104:94

ამ მატჩის წინ იმერული კლუბი ხელსაყრელ სიტუაციაში იყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს 13 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგო და ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა ეს ჰანდიკაპი რომც არ ჰქონოდა, გაუ-სთან მაინც ფავორიტად ითვლებოდა და ეს სტატუსი გაამართლა კიდეც.

ქუთაისელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და რომ დაწინაურდნენ, მეტოქე ახლოს აღარ მიიკარეს. პირველი პერიოდის შემდეგ იმერული კლუბი 11 ქულით იგებდა და დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. მეორე ნახევარში დავით როგავას გაწვრთნილმა გაუ-მ ვითარება გამოასწორა და დარჩენილი 2 პერიოდიც მოიგო, თუმცა მხოლოდ მცირე სხვაობებით და ეს საბოლოო წარმატებას არ ეყო.

ქუთაისში საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილს ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. 16-16 ქულა მიითვალე დეტრეკ ბრაუნინგმა და დავით ლომიძემ. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ბაქარი ბერეკაშვილმა. გაუ-ში 22 ქულით თევის სმიტი გამოირჩა. 14 ქულა ჰქონდა მიქაელ უგრეხელიძეს, 13 – ენდრიუ ლუისს.

ასე და ა,გვარად, 3-გუნდიან C ჯგუფში პირველზე ქუთაისი, მეორეზე მარგვეთი და მესამეზე გაუ გავიდა. ქუთაისმა ყველა ჯგუფის გათვალისწინებით საუკეთესო შედეგი აჩვენა და საპლეიოფო ბადეში პირველ ნომრად განითესა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალში უარესი შედეგის მქონე გუნდს, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თსუ-ს შეხვდა. 

B ჯგუფიკავკასია vs დელტა (გურჯაანი)  
სტატისტიკა: 99:97

სუპერლიგის პირველი წრის ერთ-ერთმა ლიდერმა გურჯაანის დელტამ მემორიალი ჩააგდო. კავკასიამ კი პირიქით – შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და მონდომების, დალაგებულად თამაშის წყალობით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიელებს მემორიალის პირველ ტურში ტყიბულის ორბი ჰყავდა დამარცხებული, დელტას კი ორბთან წაგებული ჰქონდა. შესაბამისად, გურჯაანელებს მხოლოდ გამარჯვება, ისიც მინიმუმ 14-ქულიანი სჭირდებოდა, პირველ ადგილზე და შესაბამისად, ნახევარფინალში რომ გასულიყო.

არ გამოვიდა. დელტას არ ჰყავდა მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, თუმცა გუნდმა მოსაგებად ბოლომდე იბრძოლა. ბოლოს, ცხადი იყო, რომ 14 ქულით ვერ მოიგებდნენ, თუმცა გურჯაანელებს პრესტიჟის გამო მოგება სურდათ, რასაც კავკასიამ გაუძლო. დაძაბული ბოლო წუთები საინტერესო გამოდგა. ბოლო წამებზე დელტას შეეძლო გათანაბრება, თუმცა ბოლო შეტევაში დელტას კალათბურთელებმა ორჯერ ააცილეს და მატჩი კავკასიის 2-ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

კავკასიას ახალწვეულმა, ჯავაუნ დენიელსმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ილია ლონდარიძე საკმაოდ სასარგებლო იყო, რომელმაც 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 13 ქულა და 8 პასით დაასრულა შეხვედრა გრეგ ფარჰემმა. გურჯაანელთაგან 23 ქულითა და 8 პასით ოთო ფხაკაძე გამოირჩა. 16 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი ბექა ბექაურმა მოაგროვა, საბა ლობჯანიძემ დელტას 15 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიაშველა.

კავკასია B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ნახევარფინალში რაშთან დაწყვილდა. აღნიშნული მატჩი თბილისი არენაზე, 18 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება.

A ჯგუფი | რუსთავი vs თსუ 
სტატისტიკა: 102:89

რაში vs ივერიონი (გორი)
სტატისტიკა: 71:82

თსუ სუპერლიგის ლიდერია, რომელმაც პირველ წრეში 10-დან 8 მატჩი მოიგო, თუმცა საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე გუნდს ტრავმების გამო 4 მოწინავე მოთამაშე აკლია. გუნდს ვერ ეხმარებიან გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი ტურძილაძე და ნოდარ გოგოძე და ამის მიუხედავად, უნივერსიტეტის გუნდმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.

რუსთავთან მატჩის წინ თსუ რთული ამოცანის წინაშე იდგა: განახევრებული შემადგენლობით მეტოქე მინიმუმ 7 ქულით უნდა დაემარცხებინა, ჯგუფში მეორე ადგილი რომ დაეკავებინა და ნახევარფინალში გასულიყო. მოგეხსენებათ, დებულების თანახმად, პლეი ოფში მხოლოდ ერთი, საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიოდა და სწორედ საამისოდ სჭირდებოდა თსუ-ს 7 ქულით გამარჯვება. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეტოქე 13 ქულით დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

გუნდს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა, რომელმაც პირველ ნახევარში 21 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი 28 ქულა, 12 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა ტაირი ბოიკინს, რომელმაც 12 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. 18 ქულითა და 6 პასით დაასრულა შეხვედრა ნიკა ჩეჩელაშვილმა. რუსთაველთაგან 26 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 19 ქულა და 11 პასი მიითვალა დემარი კინგმა, თაჯეი თიგის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

A ჯგუფის მეორე მატჩში, რომლითაც ჯგუფური ეტაპი დასრულდა, გორის ივერიონმა თბილისის რაში დაამარცხა. ამ მატჩის შედეგს ცხრილზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში რაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა, ივერიონი კი – მეოთხეზე. გორელებმა პრესტიჟის მატჩი მოიგეს და ტურნირი სპორტულად უმნიშვნელო, თუმცა მაინც გამარჯვებით დაასრულეს.