ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების სახელობის თასს „რუსთავი“ და „შსს-აკადემია“ გაითამაშებენ. სატიტულო მატჩი ამ კალათბურთელების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გაიმართება.
ფინალში გუშინ გასულ „რუსთავს“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი შეუერთდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნახევარფინალის ტოლფას მატჩში „დინამო“ 88:73 დაამარცხეს.
ხსენებულ მატჩამდე „ბათუმმა“ მოულოდნელად „მგზავრები-არმიასთან“ წააგო და ფინალში გასვლის შანსი დაკარგა. შესაბამისად, დღის ბოლო მატჩში ვინც მოიგებდა – „დინამო“ თუ „შსს-აკადემია“ – ფინალშიც ის გადიოდა. მატჩის მეორე მეოთხედი გარდამტეხი აღმოჩნდა. აღნიშნული პერიოდი კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა 30:11 მოიგეს და უპირატესობა თამაშის ბოლომდე იოლად შეინარჩუნეს. გამარჯვებულებს ნიკა მეტრეველმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. ბექა ჩიკვილაძემ 19 ქულა მიითვალა, ხოლო გიორგი ცინცაძემ პირად ანგარიშზე 15 ქულა და 5 პასი ჩაიწერა. დინამოელთაგან ბესო ლეჟავა გამოირჩა 26 ქულით, ილია ლონდარიძემ კი 22 მიითვალა.
დღის დანარჩენ მატჩებს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდათ, თუმცა საკალათბურთო აკადემიაში მისულმა გულშემატკივრებმა მაინც საინტერესო ბრძოლები იხილეს. „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. დაძაბული შეხვედრის ბოლო წამებზე 2 ლეგიონერით გაძლიერებულმა სოხუმელებმა 78:75 იმარჯვეს. 24 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო, პელეი პელემ კი სოხუმელებს 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შესძინა.
ნაკლებად საინტერესო გამოდგა „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება. ქვემოქართლელებს ჯგუფში ორივე მატჩი მოგებული ჰქონდათ და ფინალის საგზური ხელში ეჭირათ, ხოლო ქუთაისელები 2 წაგებით იყვნენ დამძიმებულნი და გული ფავორიტის დამარცხებით დაიმშვიდეს. რუსთაველებმა თავს ძალა არ დაატანეს და ქუთაისელებმაც იოლად – 92:76 დაამარცხეს.
მაშ ასე, ორივე ჯგუფში თამაშები დასრულებულია და ქუთაისში პირველ ადგილზე გასული გუნდები – „შსს-აკადემია“ და „ქუთაისი“ მიდიან. მემორიალური ტურნირის რიგით მე-10 გათამაშების ფინალური მატჩი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 29 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მემორიალზე გავსინჯე ჩვენი ახალი ლეგიონრები, რომლებიც, ფაქტობრივად, უთამაშებლები იყვნენ. ორივესთან გავაფორმებთ კონტრაქტს. მეორე წრემდე დიდი დრო არ გვაქვს, თუმცა შემდეგ გვაქვს შუალედები ტურებს შორის, რაც საშუალებას მოგვცემს კარგად მოვემზადოთ. შვანგირაძე, ჯგერენაია, დეკანოიძე ტრავმირებულები იყვნენ და გუნდი არ იყოს სათანადოდ მომზადებული. იმედია, ამ ყველაფერს გამოვასწორებთ.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საკმაოდ კარგი ტურნირი გამოვიდა. პირველი ორი თამაში ძალიან კარგად ვითამაშეთ,
ამ თამაშზე კი ბიჭებს გასახდელშივე ეტყობოდათ, რომ მოტივაცია და განწყობა არ ჰქონდათ, რადგან ეს შეხვედრა არაფერს ცვლიდა. დღევანდელ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ტურნირზე ჩვენი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი გამოცდილება მივიღეთ და კარგი თამაშები ვაჩვენეთ.
ანატოლი ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს და ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება.წარმატებებს ვუსურვებ მომავალში ჩვენს გუნდს. რაც შეეხება ტურნირს, ძალიან საინტერესო და კარგი ტურნირია, მადლობას ვეტყვი ფედერაციას მემორიალის ორგანიზებისთვის, ასეთი ტურნირები გუნდებს კონდიციების გასაუმჯობესებლად ძალიან ეხმარება.
ირაკლი მიქელაძე(,,ბათუმის’’ მოთამაშე): საკმაოდ კარგი ტურნირია და მეორე წრისთვის მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. გუნდში ტრავმიანობაა და ჩვენი მარცხი, ძირითადად, ამან განაპირობა.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მთელი სერიოზულობით ვემზადებოდით. ვფიქრობ, ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესო გამოვიდა ორივე ქვეჯგუფში, სანახაობრივი და საინტერესო თამაშები ვიხილეთ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს გუნდს, ორი ახალი მოთამაშე გვყავს და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. დღეს ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა და პრობლემა გვქონდა. ,,დინამო’’ ლაშა გამყრელიძის გარეშე თამაშობდა და ჩვენზე სუსტი იყო დღეს, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. 2 დღეში ფინალი გვაქვს ქუთაისში ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მოვიგეთ.
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ეს ტუნირი კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოდგა. გარკვეული ხარვეზები გვქონდა, რაც ამ მემორიალზე ნათლად გამოჩნდა. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია და მზად უნდა შევხდეთ. მთავარია სასურველი შედეგი და კარგი თამაში ჩემპიონატში ვაჩვენოთ.
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს გუნდს ფინალში გასვლას. დღეს ახალგაზრდებს მივეცი თავის გამოჩენის საშულება. უკმაყოფილო ვარ დაცვაში თამაშით. რაც შეეხება ფინალს, ვეცდებით ქუთაისში კარგი თამაში ვაჩვენოთ.