მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალურ ტურნირის მეორე სათამაშო დღეს მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ტურნირის ერთადერთმა „ა“ ლიგის წარმომადგენელმა „წყალტუბომ“ სუპერლიგის ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა – 74:72.
წყალტუბოელებმა პირველ ტურში სუპერლიგის კიდევ ერთი წევრი – „ოლიმპი“ დაამარცხეს და ჯგუფს 2 მოგებით ლიდერობენ. დღეს წყალტუბოელები „სოხუმს“ ხვდებიან და თუ დაამარცხებენ, ფინალში გავლენ.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. „ოლიმპმა“ და „სოხუმმა“ გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოავლინეს (80:80), ხოლო დამატებით დროში სოხუმელებმა იმარჯვეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს. ამ ჯგუფიდან გასვლის პრედენდენტია „ბათუმიც“, რომელსაც 1 მოგება აქვს და ბოლო ტურში „ოლიმპს“ ხვდება.
მეორე ჯგუფში გასვლის მთავარი კანდიდატი „ქუთაისია“, რომელმაც მეორე ტურში „მგზავრები“ 82:67 დაამარცხა. მასპინძლებს კონკურენციას რუსთაველები უწევენ. ქვემოქართლურმა გუნდმა მეორე ტურში „აკადემია“ დაამარცხა – 96:79 და ქუთაისელებთან ერთად ჯგუფს 2-დან 2 მოგებით ლიდერობს. სწორედ „ქუთაისი“ და „რუსთავი“ ხვდებიან ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში და მათ შორის გამარჯვებული ფინალში გავა.