ქორქია-საკანდელიძის მემორიალი ქუთაისში დაიწყო

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი ქუთაისში დაიწყო

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ქუთაისში მოულოდნელი შედეგით გაიხსნა. „წყალტუბომ“, რომელიც მემორიალური ტურნირის ერთადერთი „ა“ ლიგის გუნდია, სუპერლიგის საკმაოდ ძლიერი წარმომადგენელი „ოლიმპი“ დაამარცხა.

სიმბოლურია, რომ ოლიმპელების დმარცხება პირადად სერჰი ალფიოროვის დამსახურებაა. უკრაინელმა უკანახაზელმა მიმდინარე სეზონის პირველი წრე სწორედ ოლიმპში გაატარა და მე-13 ტურის შემდეგ „წყალტუბოში“ გადავიდა. ალფიოროვმა ყოფილ გუნდს 32 ქულა ჩაუგდო და წყალტუბოელებს 73:71 გაამარჯვებინა.

„ოლიმპში“ დებიური ჰქონდა ამერიკელ ცენტრ ლესლი სმიტს, რომელმაც 17 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, ასევე პირველი მატჩი ჩაატარა თბილისურ გუნდში ლაშა ფარღალავამ, რომელიც ირანის ჩემპიონატიდან დაბრუნდა.

მეორე მატჩში რეგიონალური დერბი შედგა. ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი „ბათუმი“ და მესამეზე მყოფი „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ 3 დღის წინ სუპერლიგის მე-14 ტურში და მაშინ „ბათუმმა“ ბოლო წამზე აკაკი დვალიშვილის ორქულიანით 74:73 იმარჯვა. აჭარულმა გუნდმა შესანიშნავად ჩატარებული პირველი ტაიმის წყალობით გაიმარჯვა. ბათუმელებმა საწყისი პერიოდი 26:20 მოიგეს, მეორეში 23:11 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 18 ქულით დაწინაურდნენ – 49:31.

მეორე ნახევარში სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა არა იმდენად, რომ მატჩის ბედი წაღმა დაეტრიალებინათ. ბათუმელები გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ და ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაიწყეს – 87:77. „ბათუმში“ 18 ქულით საუკეთესო იყო იგორ კრივცოვი, ნიკა რამიშვილმა და აკაკი დვალიშვილმა კი 15-15 ქულა მიითვალეს.

მემორიალის მესამე მატჩში „რუსთავმა“, რომელიც სუპერლიგის ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ბევრად ჩამორჩება „მგზავრებს“, ამ უკანასკნელს ძალიან იოლად მოუგო. რუსთაველებმა ცოტა ხნის წინ 2 ლეგიონერი ჩამოიყვანეს – ნიგერიელი ალექს ადედირანი და ამერიკელი დევიდ კაილსი. ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგი მოთამაშეა. მას გასულ სეზონში ბერძნულ აეკ-ში უთამაშია და როგორც ჩანს, სუპერლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესოც იქნება. კაილსმა „მგზავრებს“ 18 წუთში 16 ქულა ჩაუგდო, რასაც სერბმა ნიკოლა გაჩეშამ 20 ქულა მიაბა და რუსთაველებმა მეტოქე 37 ქულით გაანადგურეს – 90:53.

პირველი დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს მასპინძელი „ქუთაისი“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მოლოდინისამებრ ქუთაისელთა გამარჯვებით – 92:80 დასრულდა.
გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც მასპინძლებმა 26:10 მოიგეს, მანამდე კი ქუთაისელები მცირე უპირატესობით იგებდნენ. პირველი პერიოდის 22:29 წაგების შემდეგ აკადემიელებმა მეორე ათწუთეული 25:21 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ქუთაისელთა ლიდერობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენდა.
გიორგი ბარბაქაძის შედეგიანობით იმერულმა გუნდმა მესამე მეოთხედი 16 ქულით მოიგო, „აკადემიის“ წინააღმდეგობა გატეხა და გამარჯვებამდეც აუღელვებლად მივიდა. ქუთაისელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა ხორვატ ლეგიონერ ივან მიკულიჩს, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა – 12 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 12-12 ქულა მოაგროვეს ჯონ ბრიტონმა და ბექა ბექაურმაც, გამარჯვებულთა ბომბარდირი კი 29 ქულის მომხვეჭი გიორგი ბარბაქაძე გახდა.

დღეს ქუთაისში კიდევ 4 მატჩი გაიმართება.

 

გთავაზობთ ქუთაისში ტურნირის შესახებ მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს:

გიორგი კუჭავა („წყალტუბოს“ კაპიტანი): „სუპერლიგის გუნდს ვეთამაშებოდით, რომელსაც ჩემპიონობა აქვს დასახული მიზნად. იცით, რომ ჩვენ პირველ ლიგაში ვთამაშობთ. ამ ფონზე მაქსიმუმი გავაკეთეთ მოედანზე და ძლიერი მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ. ძალიან გახარებულები ვართ. ვეცდებით მომდევნო თამაშებიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ“.

 ლეონიდ ივატინი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): „მე სულ ორი დღის წინ ჩამოვედი საქართველოში და გუნდი მხოლოდ ერთხელ ვავარჯიშე, ასერომ ჯერ კალათბურთელებს, ფაქტობრივად, არ ვიცნობ. მალე თამაშებში  ათდღიანი პაუზა გვექნება და უკეთესად გავიცნობთ ბიჭებს. რასაც ვხედავ, პოტენციალი გვაქვს და უნდა ვეცადოთ მის მაქსიმალურ გამოყენებას“. 

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ შესანიშნავი ტურნირია, რომელიც პირველად ტარდება ქუთაისში. კარგი იქნება თუ მომავლიდან მას საერთაშორისოს სტატუსი
მიენიჭება, ერთ-ორ უცხოურ გუნდს თუ მოვიწვევთ.რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, აშკარად ვერ დავლაგდით, ცოყტაფ არ იყოს, არეულად ვითამაშეთ. მასგრამ წინ კიდევ ორი თამაშია.“

დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ სასიამოვნოა უდიდესი ქართველი კალათბურთელების მემორიალურ ტურნირზე თამაში. მათ ყველაფერი გაიღეს ქართული კალათბურთის მსოფლიო მასშტაბით წარმოსაჩენათ. კარგია, რომ მემორიალი მათ მშობლიურ ქალაქში ტარდება. პირველი ტაიმში შედარებით კარგად ვითამაშეთ, მეორეში შედარებით ცუდად, მაგრამ, ვფიქრობ, უპირატესობა გვქონდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“ 

ანატოლი ბერიშვილი( „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): „ დიდი კალათბურთელებისადმი მიძღვნილ ტურნირზე ჩამოვედით. თამაშის მსვლელობისას უამრავი შეცდომა დავუშვით და მარცხიც ამან განაპირობა“.

რამაზ გოგობერიშვილი(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): „მივესალმები  ორი ლეგენდარული კალათბურთელის მემორიალის მათ მშობლიურ ქალაქში გამართვას. დღევანდელ თამაშში ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად. თთუმცა ვიტყვი, რომ „მგზავრები არ არის ის გუნდი, რომ ყოველთვის ასეთი დიდი სხვაობით მარცხდებოდეს“. 

კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი): „ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენმა მეტოქემ ბოლო დროს საკმაოდ ძლიერი ორი მოთამაშე დაიმატა. უკვე ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. ხორვატი ივან მიკულიჩი თამაშით კმაყოფილი ვარ.“

გელა წულაძე(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენზე ბევრად ძლიერმა გუნდმა მოგვიგო, ვულოცავ კოტე ტუღუშს.“