ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას თასის გამარჯვებული „ქუთაისი“ გახდა. ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალურ ტურნირს სრულად პირველად უმასპინძლა ქუთაისმა. გასულ წელს მემორიალის ჯგუფური ეტაპი თბილისში, ხოლო ფინალი – ქუთაისში ჩატარდა, წლეულს კი მთლიანი ტურნირის მასპინძელი ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი გახლდათ.
სატიტულო მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა მასპინძლებმა საკმაოდ იოლად – 8 დაამარცხეს „სოხუმი“ და არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს ქორქია-საკანდელიძის თასი. პირველი მეოთხედის შემდეგ ქუთაისელები 24:8 იგებდნენ, დიდი შესვენებისთვის კი გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს – 53:25.
მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. ქუთაისელები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ნამატჩევს საჩემპიონო თასთან ერთად სხვა ინდივიდუალური პროზებიც ჩაიბარეს. დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირის საუკეთესო ფორვარდი და უკანახაზელი გამოავლინეს.
სანამ მფლობელები ინდივიდუალურ პრიზებს ჩაიბარებდნენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა მურღულიამ „სოხუმის“ გუნდის წარმომადგენლებს გადასცა ქალაქის მერიის დაწესებული სპეციალური პრიზი.
საუკეთესო ფორვარდად დასახელდა ქუთაისელი ბექა ბექაური, რომელსაც სპეციალური პრიზი და შესაბამისი სიგელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა. საუკეთესო უკანახაზელი გახდა გიორგი ბარბაქაძე, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დვალმა დააჯილდოვა.
და ბოლოს, ფოიერვერკის თანხლებით საჩემპიონო თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს გადასცეს ზურაბ საკანდელიძის შვილმა გიორგიმ და შვილიშვილმა – პატარა ზურაბ საკანდელიძემ.