საკალათბურთო აკადემიაში მემორიალის მეოთხე დღე დასრულდა

საკალათბურთო აკადემიაში მემორიალის მეოთხე დღე დასრულდა

დასრულდა საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის მესამე ტური, რომელმაც ის 4 გუნდი გაარკვია, რომლებიც ფინალში გასვლის კანდიდატები არიან. 

„ბ“ ჯგუფში საუკეთესო გუნდი „შსს-აკადემიასა“ და „რუსთავის“ ზეგინდელ მატჩში გამოვლინდება, ხოლო „ბ“ ჯგუფში გამარჯვებულს 20 იანვარს გასამართი „არმიასა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირება გადაწყვეტს.

 ფინალში რომ გავიდეს, არმიელებმა „ოლიმპი“ 15 ქულით უნდა დაამარცხონ. შესაბამისად, ოლიმპელებს „ბ“ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ზეგინდელ მატჩში 14 ქულით დამარცხებაც აძლევთ ხელს. ასეთ ხელსაყრელ სიტუაციაში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდა. „ოლიმპმა“ „დინამო“ ყველა კომპონენტში დაჯაბნა და საბოლოოდ 26 ქულის სხვაობით – ანგარიშით 85:59 იმარჯვა.
 თუკი ბოლო ტურში „არმია“ „ოლიმპს“ მოუგებს, სამ გუნდს – „არმიას“, „ოლიმპს“ და „დინამოს“ ქულების თანაბარი ოდენობა დაუგროვდებათ და ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს. „ოლიმპთან“ 26 ქულით დამარცხებით  „დინამოს“ პირველზე გასვლის შანსი გადაეწურა. ნახევარფინალის ტოლფასი მატჩია „არმია“-„ოლიმპი“, თან ამ უკანასკნელს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 14-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს.
 რაც შეეხება თავად „ოლიმპი“-„დინამოს“ მატჩს, მისი ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სპორტის სამინისტროს გუნდმა 22:11 მოიგო და 21 ქულით დაწინაურდა. „ოლიმპს“ 25 ქულითა და 9 მოხსნით ლევან ფაცაციამ ულიდერა, სერბმა ლეგიონერმა სტეფან მილოშევიჩმა კი 18 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა. კოკა ტომარაძე ოლიმპელებს 14 ქულით და 7 მოხსნით შეეწია. დამარცხებულებში 13-13 ქულა ჰქონდათ ლამარ კარიმსა და ბექა ჩიკვილაძეს.
რაც შეეხება დღევანდელი დღის სხვა მატჩებს:
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა კვლავ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ “რუთავთან” გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა და გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხა.

გუშინ სტუდენტებმა საწყისი 3 მეოთხედი ტოლსწორად ებრძოლნენ ფავორიტ “შსს-აკადემიას”, მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიყვანეს. დღესაც დაახლოებით ასეთი რამ შეემთხვათ თსუ-ელებს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ გამარჯვებასთან უფრო ახლოს იყვნენ. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო. გივი ბაქრაძის, დავით ხიზანიშვილისა და ვახტანგ ჩქარეულის შედეგიანობის წყალობით სტუდენტები მოგების რეალურ შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ… დარჩენილ დროში ამერიკელებმა – ნეით ბოუიმ, კაილ ნელსონმა და რუსთაველმა გოგა ცეკვავამ თსუ-ს შანსი არ დაუტოვეს.
საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 85:72 იმარჯვეს და ორიდაან 2 გამარჯვება გააჩნიათ. რუსთაველებს 21 ქულით ცეკვავამ ულიდერა, 18 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა კაილი ნელსონს, ხოლო ნეით ბოუიმ თამაში 17 ქულით დაასრულა. დამარცხებულთაგან 21 ქულა ჰქონდა ბაქრაძეს, ხოლო ხიზანიშვილმა 16 მიითვალა.

 რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა ტექნიკოსებმა სტუდენტურ დერბიში სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 89:68 დაამარცხეს. მედიკოსების შემართება პირველ ტაიმს გასწვდა, რომელიც თსსუ-მ 41:39 მოიგო. ირაკლი გაბისონიასა და გიორგი რევაზაშვილის შედეგიანობით მედიკოსები ლიდერობდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში ტექნიკოსებმა ტემს უმატეს, ტატო ჩაჩიბაიასა და გიორგი პირველაშვილის ზუსტი სროლებით ლიდერობას დაეპატრონნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ სტუ 63:51 დაწინაურდა.
მედიოკოსები ბოლო მეოთხედში ეცადნენ, მაგრამ არათუ ვითარება ვერ გამოასწორეს, კიდევ უფრო ჩამორჩნენ და საბოლოოდ 21 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. სტუ-ს ბომბარდირი 24 ქულით ჩაჩიბაია გახდა, ხოლო პირველაშვილმა 22 ქულა მოინაგრა. 14 ქულა ჰქონდა ვატო თევზაძეს, 12 – ზურაბ მაჩალაძეს. აღსანიშნავია, რომ ჩაჩიბაიამ 24 ქულასთან ერთად 17 მოხსნაც მიითვალა, რაც მიმდინარე მემორიალის საუკეთესო შედეგია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მემორიალზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გიორგოს კეცელიდისის გაწვრთნილმა გუნდმა სოხუმელები მეორე ტაიმში გატეხა და საბოლოოდ 79:64 მოიგო.
 მატჩის საწყისი სამი მეოთხედი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. სოხუმელები მეტი მობილიზებითა და სიზუსტით თამაშობდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა. მეორე მეოთხედის ბოლოს ვაჟა კვარაცხელიას გუნდი 41:36 იგებდა, თუმცა დიდი შესვენებიდან დაბრუნებული აკადემიელები უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და მესამე ათწუთეულში 22:14 იმარჯვეს – შესაბამისად, ბოლო პერიოდის წინ დაწინაურდნენ – 58:55.
 დარჩენილ დროში სოხუმელების მცდელობა, თამაში გადაერჩინათ, ამაო აღმოჩნდა. „შსს-აკადემიის“ კალათბურთელები გააზრებულად და რაც მთავარია, შედეგიანად თამაშობდნენ და მეტოქეს წარმატების შანსი აღარ მისცეს.
 გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით (19 ქულა, 13 მოხსნა) კირკ არჩიბეკი გამოირჩა, 16 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა დენოთა ვონს, ხოლო ილია ლონდარიძემ 16 ქულა მიითვალა. სოხუმელთაგან საუკეთესო შედეგი ვახტანგ ქადარიას ჰქონდა – 22 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
ხვალ მემორიალზე დასვენებაა, კვირას კი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება და ფინალისტებიც გაირკვევა.