ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის რიგით მე-16 მემორიალური ტურნირი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო, სადაც 4 მატჩი გაიმართა. ტურნირის მონაწილე 12 გუნდი 4 ჯგუფშია თავმოყრილი და ნახევარფინალში გასასვლელად პირველ ადგილზე გასვლაა საჭირო. დღეს გამართულ პირველ ტურში თითოეული ჯგუფის 2 მონაწილე თამაშობდა, 1 კი – ისვენებდა.
ტურნირში “ბათუმის” გარდა სუპერლიგის ყველა და “ა” ლიგის 2 გუნდი – “ორბი” და “მეგა” მონაწილეობენ. სწორედ “მეგა” გახდა პირველი ტურის გმირი გუნდი, რომელმაც სუპერლიგის მიმდინარე ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფი “ცხუმ-აფხაზეთი” დაამარცხა – 84:79 (სტატისტიკა). “ა” ლიგა 5 თებერვალს იწყება და მის მონაწილე გუნდებს თამაშის გამოცდილება თითქმის არ გააჩნიათ. “მეგამ” კი ადგა და ისეთ გუნდს სძლია, რომელსაც სუპერლიგის სამეულში მოხვედრის ამბიცია და პირველი წრის გათვალისწინებით, ამის რეალური შესაძლებლობაც აქვს.
ახალგაზრდა მწვრთნელის, გუგა პატარაიას გაწვრთნილი “მეგას” გამარჯვება იმითაც ფასობს, რომ გუნდმა 24-ქულიანი უპირატესობის (48:26) განიავებისა და ბოლო პერიოდში 6 ქულით ჩამორჩენის შემდეგ, მოახერხა და კარგად დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა. მოულოდნელობის ეფექტით გამოწვეული დაბნეულობა “ცხუმ-აფხაზეთის” მოთამაშეებმა დაძლიეს და 24-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს ჯერ ამ უზარმაზარი დეფიციტის გაბათილება და შემდეგ დაწინაურება. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ცხუმელები 70:64 იგებდნენ და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე ჰქონდათ. სწორედ ასეთი ვითარებიდან მოახერხეს მეგას კალათბურთელებმა გამარჯვების მოპოვება.
ვასილ კუტალაძის საჯარიმოთი და ჯალენ ბრედლის სამქულიანით “მეგამ” ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ჯერმეინ მეროუსა და ასტონ ფრენსისის
სიზუსტის წყალობით პატარაიას გაწვრთნილმა გუნდმა გაიმარჯვა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ფრენსისის შედეგიანობა, რომელმაც თავი 35 ქულას მოუყარა. ეს გახლავთ უბადლო სროლის მქონე ახალგაზრდა, რომელიც “მეგაში” თუ დარჩა, “ა” ლიგის გუნდებისთვის ძალიან სახიფათო ოპონენტი იქნება.
მეორე ოვერტაიმი პირველი ტურის ბოლო შეხვედრაშიც დაფიქსირდა, რომელშიც მთელი თამაში მდევრის როლში მყოფმა “ქუთაისმა” დინამოელთა ძლევა მაინც მოახერხა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მაინც თავისი გაიტანეს. განსაკუთრებით ძირითადი დროის ბოლო წუთია გამოსარჩევი. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე დინამოელები 3 ქულით იგებდნენ, როცა გიორგი ბარბაქაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო, მეორე გაუცუდდა, თუმცა გუნდური მოხსნა ქუთაისელებმა მოიპოვეს და ილია ლონდარიძემ დასრულებამდე 3 წამით ადრე საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა.
დამატებით დროში ქუთაისელებმა გაილაღეს და 5-წუთიანი ექსტრაპერიოდი 24:7 მოიგეს. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 92:75 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ჯგუფიდან გასასვლელად მოზრდილი ნაბიჯი გადადგა.
სუპერლიგაში მთავარ მწვრთნელად წარმატებული დებიუტი ჰქონდა ლევან ფაცაციას, რომელიც სათავეში “ვერას” ჩაუდგა და მემორიალის პირველ ტურში “ტიტებს” სძლია – 85:78 (სტატისტიკა). მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. ვერელები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ, მდევარი “ტიტები” კი ბოლომდე, თუმცა ამაოდ ცდილობდა გაბათილებას.
ვერელთა შორის 22 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ჯოშუა ჰავლი. 28 ქულით ბომბარდირი ბრაისონ სკოტი გახდა. 17 ქულა ლუკა მაზიაშვილმა ჩააგდო, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 5 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ტიტებში 28 ქულით ტაილან ბირტსი გამოირჩა, 20 ქულა და 16 მოხსნა ბრენდან აუგბორნსმა მიითვალა.
დაბოლოს მატჩი, რომელიც მემორიალის გახსნის გახლდათ: “ოლიმპმა” “ა”-ლიგელ “ორბს” შანსი არ დაუტოვა და 93:50 (სტატისტიკა) მოუგო. დავით როგავას გაწვრთნილ გუნდს კარგი მოთელვა გამოუვიდა, რადგან ამ შეხვედრაში წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ შეხვედრია. ოლიმპელები უფრო თსუ-სთან ჯგუფიდან გამსვლელ მატჩზე არიან ორიენტირებულნი, რომელსაც 21 იანვარს დაუპირისპირდებიან.
ოლიმპელთა შორის ქულა მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ მოიპოვა, რომელთაგან უმეტესი – 18 – კახა ჯინჭარაძის ანგარიშზეა. სარგებლიანობის ინდექსით კი ლუკა კალატოზიშვილმა აჯობა ყველას, რომელმაც 16 ქულა, 18 მოხსნა და 2 დაფარება მითვალა.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 19 იანვარს დასვენებაა, ხოლო 20-ში მეორე ტურის 4 მატჩი გაიმართება: