მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ხსოვნის ტურნირი დღეს ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი 2006 წლიდან იმართება და წლეულს მისი მე-17 გათამაშებაა. გათამაშების სისტემა ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ უცვლელია: 4 ჯგუფში განაწილებული გუნდები, რომლებიდანაც ნახევარფინალში თითო საუკეთესო გადის. დღეს გაიმართა პირველი ტურის 4 შეხვედრა. ყველა ჯგუფში თითო მატჩი ჩატარდა, ხოლო თითო გუნდი ისვენებდა.
მემორიალის ერთადერთი არასუპერლიგელი მონაწილე ამ ჯგუფშია. “ა” ლიგის წევრმა საკალათბურთო კლუბმა “მგზავრებმა” ტურნირში ყაზახური “ბარსი” ჩაანაცვლა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ლეგიონერის გარეშე ასპარეზობს და შემადგენლობა მთლიანად ახალგაზრდა კალათბურთელებით ჰყავს დაკომპლექტებული. შესაბამისად, “მგზვრებს” ნაკლები ამბიციები გააჩნია და “ა” ლიგის დაწყების წინ ამ ტურნირს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იყენებს.
რაც შეეხება “ოლიმპს”, დავით როგავას გუნდი სუპერლიგაშიც და შესაბამისად, მემორიალზეც შორსმიმავალი გეგმებითაა წარმოდგენილი. “ა” ლიგის გუნდის დამარცხება ოლიმპელებს არ გასჭირვებიათ. მატჩის ბედი თავიდანვე ცნობილი იყო, საკითხავი ის იყო, რამდენი ქულით იმარჯვებდა “ოლიმპი”. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 28 ქულით მოიგო, რაშიც ყველაზე სოლიდური წილი გუნდის ახალწვეულმა, ედვარდ ეკიორიმ დაიდო. კანადელმა ლეგიონმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. 18 ქულა ჯეივონ ივსმაც მიითვალა, ხოლო ბუნდუ აბდულაის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 13-13 ქულა ლუკა ქუტიძემ და გიორგი ბერუაშვილმა დააგროვეს.
ამ ჯგუფის მეორე ტურში, 21 იანვარს, “ოლიმპი” დაისვენებს, ხოლო “მგზავრები” “ბათუმს” 12:00 საათზე დაუპირისპირდება.
პირველი ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი ეს გახლდათ. უფრო ზუსტად, მისი ფინალური წუთები იყო დაძაბული, თორემ თუნდაც ბოლო პერიოდში დაძაბულობას არაფერი მოასწავებდა. შეხვედრის დასრულებამდე ექვსნახევარი წუთით ადრე “ვერა” 18 ქულით (82:64) იგებდა და ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა. დინამოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ჟოლივეტ ტუჯანის გუნდმა შეხვედრის დასრულებამდე ოციოდ წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 89:89. ეს ძირითადად ბენჟამინ ქოლეჯის, ვოვა თავაქარაშვილის და ჯოშუა თრიდველის მექულეობით მოხდა, ხოლო გამთანაბრებელი საჯარიმოები ახალგაზრდა ლუკა ალავიძემ ჩააგდო.
მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე გამარჯვების ბურთი ვერელთა გამოცდილმა ცენტრმა, ვახტანგ ქადარიამ დავით წივწივაძის პასით ჩააგდო. მატჩის საუკეთესო შედეგი ვერელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ზაკ სელიასმა დააფიქსირა: 29 ქულა, 21 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა. კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა 19 წლის გიორგი ბიგანაშვილმა, რომელმაც 18 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა ქადარიამ შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. “დინამოში” 24 ქულით საუკეთესო იყო ბენჯამინ ქოლეჯი, 17 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზეა.
21 იანვარს, 14:15 საათზე “დინამო” “რუსთავს” დაუპირისპირდება, ხოლო “ვერა” დაისვენებს.
ეს იყო მატჩი, რომლის მიმდინარეობაც დაძაბულ, საინტერესო დასასრულს იმსახურებდა, თუმცა ასე არ გამოვიდა. მთელი თამაშის მანძილზე ლიდერი 18-ჯერ შეიცვალა. გუნდები წინ გაჭრას ვერ ახერხებდნენ. 3-4 ქულა იყო მაქსიმუმი, რა სხვაობითაც ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე.
ორივე გუნდმა ახალი ლეგიონერი დაიმატა და ორივე მათგანმა შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით შედეგიანი იყო “ტიტების” უკანახაზელი, კრის მაკნილი, რომელმაც 20 ქულა და 8 პასი მიითვალა. თუმცა არც ეს და არც სხვა ლეგიონერების შედეგიანი თამაში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ცხუმ-აფხაზეთის კალათბურთელებმა დასკვნითი 5 წუთი დიდებულად ჩაატარეს და მთელი შეხვედრა რომ თანაბრად მიდიოდა, სწორედ გადამწყვეტ წუთებში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა.
გამარჯვების მთავარი შემოქმედი მარქილ სმიტი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 11 ქულა და 10 მოხსნა ცხუმელთა ახალწვეულმა ჯაი უილიამსმა მიითვალა. ტიტებში 21 ქულით ბომბარდირი ჯორდან რობერტსონი გახდა, სარგებლიანობის კოეფიციენტით (32) კი საუკეთესო ჯავიონ ოგუნიემი გახდა – 19 ქულა, 11 მოხსნა.
C ჯგუფში 21 იანვარს “ცხუმ-აფხაზეთი” “ქუთაისს” დაუპირისპირდება, ხოლო “ტიტები” დაისვენებს.
ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 11 დეკემბერს, სუპერლიგაში შეხვდნენ და თსუ-მ დამაჯერებლად იმარჯვა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში უნივერსიტეტელებს რომ მოეგოთ, დიდი მოულოდნელობა იქნებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო თსუ 5 წამყვანი მოთამაშის გარეშე თამაშობდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს აკლდნენ – ნიკა დარბაიძე, ივანე მეგენეიშვილი და 3 ლეგიონერი – პაპ დიოპი, ჯეიმი ჯონსონი და რაილ ოუენსი.
ამ ვითარებაში თსუ განწირული ჩანდა, თუმცა უნივერსიტეტელებმა გმირულად იბრძოლეს და პირველ ტაიმში უმეტესად იგებდნენ. მეორე პერიოდის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით “მეგა” დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით (50:49) გავიდა, თუმცა მესამე პერიოდის მიწურულიდან ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონა. ლიდერების არყოფნამ მაინც თავისი ქნა და დაღი დაასვა თსუ-ს თამაშს. “მეგას” აფრო-ავსტრალიელმა ცენტრმა დენგი აკუთიმ გაილაღა, რაკი ფარქვეშ მეურვე არ ჰყავდა. შესაბამისად, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “მეგამ” 17-ქულიან ლიდერობას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. თსუ-ს თამაშის გადარჩენის რესურსი არ ჰქონდა და შეხვედრაც “მეგას” დამაჯერებელი გამარჯვებით – 92:79 დასრულდა.
მეგაში 20 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 15 ქულა ტაილერ კორბინმა მიითვალა, ხოლო ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზე 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა. თსუ-ში 32 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ლოველ ქაბილმა მიითვალა. 16 ქულა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა.
21 იანვარს თსუ დაისვენებს, ხოლო “მეგა” და “კაკტუსი” ერთმანეთს 18:45 საათზე დაუპირისპირდებიან.