დინამო სუპერთასის მფლობელია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

დინამო სუპერთასის მფლობელია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საქართველოს სუპერთასის მფლობელი „დინამო თბილისი“ გახდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა კოტე ტუღუშის „ქუთაისს“ 83:71 სძლიეს და
სეზონის პირველ ტიტულს დაეპატრონნენ.

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გათამაშებამ ფორმატი, უფრო სწორად კი გამართვის დრო შეიცვალა და თუკი აქამდე სეზონის ბოლოს ბოლოს თამაშდებოდა,
ამიერიდან დასაწყისში გაიმართება. გასული, 2015-16 წლების სეზონის ჩემპიონი „ქუთაისი“ და თასის მფლობელი „დინამო“ სუპერთასისთვის ერთმანეთს დღეს შეხვდნენ. ამით სუპერთსის
სეზონის დასაწყისში გათამაშებას დაედება ტრადიცია.

დინამოელებმა „ქუთაისი“ მიმდინარე სეზონში უკვე დაამარცხეს. 6 დღის წინ, 9 ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ხოშტარიას გუნდმა იმერლები
12 ქულით – 75:63 დაამარცხა. ზუსტად ასეთი სხვაობით იმარჯვეს დინამოელებმა დღესაც, როცა „ქუთაისს“ 83:71 აჯობეს და ლეგენდარული მწვრთნელის – ოთარ ქორქიას სახელობის თასს
დაეპატრონნენ.

თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ თამაში მეორეშიც თანაბრად  წარიმართა, თუმცა ტაიმის მიწურულს დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით უპირატესობა
მოიპოვეს და ეს ანგარიშშიც ასახეს. დიდი შესვენებისთვის „დინამო“ 46:41 იგებდა და მოედანზე დაბრუნებული კიდევ უფრო დამაჯერებლად ათამაშდა. თბილისელთა ახალწვეულმა, ნიკოკოლა მარავიჩმა ფარქვეშეთი დაპყრო, ხოლო პერიმეტრიდან მეორე ლეგიონერი – დეონტა ვონი აქტიურობდა და 22:13 მოგებული მესამე პერიოდის შემდეგ დინამოელები 14 ქულით დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში ვითარება აღარ შეცვლილა. ქუთაისელებიც ცდა, ვითარება გამოესწორებინათ, სურვილად დარჩა და „დინამომ“ მიმდინარე სეზოონში უკვე
მეორე ტიტული მოიგო. გამარჯვებულებს 20 ქულით ნიკოლა მარავიჩმა ულიდერა. 16 ქულით, 7 მნოხსნით და 4 პასით გამოირჩა დეონტა ვონი, ხოლო ილია ლონდარიძემ 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. „დინამოში“ დებიუტი ჰქონდა ლევან ფაცაციას, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ქუთაისელებს არ ეყოთ ეროვნული ნაკრების ძირითადი გამთამაშებლის – გიორგი ცინცაძის 28 ქულა და 11 პასი. ქუთაისელთაგან ცინცაძის კვალზე 10-ქულიანი ბარიერს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა – ბექა ბექაურმა უწია.
გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია  საპატიო სიგელით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა. მანვე  გადასცა დინამოელთა  კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისი- დინამო  71:83

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

მივულოცავ სუპერლიგის გუნდებს ახალი სეზონის დაწყებას და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. დღეს საკმაოდ
საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდით, რომელშიც დინამოელებმა  გასული სეზონის  ჩემპიონი დაამარცხეს და ლეგენდარული კალათბურთელის,
ოთარ ქორქიას  სახელობის სუპერთასი მოიპოვეს. იმედი მაქვს, სუპერლიგის  სეზონი, რომელიც დღეს
დაიწყო, საინტერესოდ წარიმართება და ჩემპიონატს გულშემატკივარი არ მოაკლდება.

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):  პირველად მოვიგეთ სუპერთასი და სეზონის დასაწყისში
დუდუ დადიანის მემორიალთან ერთად უკვე ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ძალიან კარგი სტარტია და მივულოცავ ჩემს გუნდს. „დინამოს“ აქვს დიდი რესურსი ახალ სეზონში.  ჩვენ დავიმატეთ კიდევ ერთი ლეგიონერი, რომელიც სულ ახლახანს შემოგვიერთდა და  ჯერ კიდევ მუშაობისა  და შეთამაშების პროცესში ვართ. შესაბამისად,
ვფიქრობ წელს „დინამო“ იქნებ კვლავ ამბიციური და კიდევ უფრო ძლიერი გუნდი.  

 მიხეილ ჭოჭუა (დინამოს კალათბურთელი): სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და სუპერთასის მფლობელები გავხდით. ეს არ იყო ადვილი, რადგან
ჩვენმა მეტოქემ მთელი სამი მეოთხედის განმავლობაში დიდი  წინააღმდეგობა გაგვიწია. მივულოცავ ბიჭებს და „დინამოს“ ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. 

  

გიგა გურასაშვილის ფოტოები