ქუთაისმა სეზონი სუპერთასით დახურა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისმა სეზონი სუპერთასით დახურა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საქართველოს სუპერთასის მფლობელი  საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა. მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილმა ქუთაისლებმა სატიტულო
მატჩში 6 დღის წინ გაჩემპიონებული “დინამო” დაამარცხეს და არსებობის მანძილზე საუკეთესო სეზონი გამარჯვებით დაასრულეს.

ქუთაისმაა “დინამო” მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაამარცხა. ქუთაისლებმა დინამოელები
რეგულარულ ჩემპიონატში ორჯერ დაამარცხეს, შემდეგ, ფინალური სერიაში 4-დან 1 მატჩი მოუგეს,
დღეს კი, სუპერსათასო მატჩში 80:74 სძლიეს.

მატჩის მსვლელობისას ქუთაისელ და თბილისელ გულშემატკივრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის ლოკალიზების მიზნით სპორტის სასახლის დაცვის სამსახურმა
მოჩხუბრები სპორტის სასახლიდან გაიყვანა. აღნიშნულ ინციდენტს თამაშის მსვლელობაზე გავლენა
არ მოუხდენია.

“ქუთაისი 2010”-მა მიმდინარე სეზონში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო და ფინალურ სერიაში
პირველად გავიდა, სადაც “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. ამ მიღწევების გათვალისწინებით, ქუთაისელთა მწვრთნელმა მედეა მხეიძემ მატჩისშემდგომ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კმაყოფილია წლევანდელი სეზონით.

მხეიძის განცხადებით, “ქუთაისმა” სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა და ამის მიზეზი არა უშუალოდ ამ მატჩისთვის მომზადება, არამედ მობილიზება და შემართებაა იყო. ტრავმების გამო ქუთაისელებს 25 მაისის შემდეგ ფაქტობრივად ვარჯიში არ ჩაუტარებიათ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ჩემპიონთან შესანიშნავი თამაში აჩვენეს.

მატჩი ძალიან თანაბარი გამოდგა. გუნდები სოლიდურ ლიდერობას ვერ ეუფლებოდნენ, ხან ერთი მათგანი დაწინაურდებოდა
მცირედით, ხან – მეორე. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, ქუთაისელების გააზრებულმა თამაშმა მათ გამარჯვება და სუპერთასი მოუტანა.

მატჩის ბომბარდირი ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძე გახდა 22 ქულით, აკაკი დვალიშვილმა გამარჯვებულებს 18 ქულა და 14 მოხსნა შესძინა, ხოლო დავით ბარბაქაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. “დინამოში” შედეგიანობით გამოირჩა ქიან კარტერი (16 ქულა, 13 მოხსნა), 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა სტევან მილოშევიჩს, ლაშა გამყრელიძემ კი შეხვედრა 14 პასითა და 8 ქულით დაასრულა.

სეზონის ბოლო ტიტულის გათამაშების შემდეგ, სანამ ქუთაისელები სუპერთასს ჩაიბარებდნენ, გაიმართა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის, მოთამაშის და ახალგაზრდა კალათბურთელის დაჯილდოვება.

საუკეთესო მწვრთნელი

სუპერლიგის 2013-2014 წლების სეზონის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი
მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია,  რომელსაც, ცნობილი  ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი  გადაეცა.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი პრიზით დააჯილდოვა გიორგი ავალიშვილის  ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა.

 

საუკეთესო ახალაზრდა კალათბურთელი

 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის ოჯახმა და
მეგობრებმა დააწესეს,  გადაეცა ქუთაისის მოთამაშეს ლევან გრძელიძეს. სეზონის  საუკეთესო ახალგაზრდას პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა სალომემ და იოანე გადასცეს. 

 

საუკეთესო მოთამაშე (MVP)

 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) სეზონის საუკეთესო  მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კომისრების
გამოკითხვის შედეგად საუკეთესო სამეული გამოვლინდა.

მე-3 ადგილი  – გიორგი გამყრელიძე (დინამო)
მე-2 ადგილი – აკაკი დვალიშვილი
(ქუთაისი)
ხოლო სეზონის საუკეთესო
მოთამაშე (MVP)  გახდა საკალათბურთო
კლუბ  თბილისის „დინამოს“ მოთამაშე სტევან მილოშევიჩი.

სტევან მილოშევიჩს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი
სპეციალური პრიზით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

 

სუპერთასის გადაცემა
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის  სუპერთასი გუნდის კაპიტანს, დავით ბარბაქაძეს  ოთარ ქორქიას შვილმა, ნოდარ ქორქიამ და ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცეს.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): მადლობა ყველას, ვინც მთელი სეზონის მანძილზე გვერდით
გვედგა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ სეზონი ასე წარმატებით და დაგვესრულებინა.
მადლობა მოთამაშეებს, გუნდის ხელმძღვანელობას, ფედერაციას წლევანდელი სეზონისთვის.

თავიდან ჩვენ გუნდს სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს,  ბოლომდე უნდა იბრძოლო მიზნის მიღწევისთვის
და ამის კარგი მაგალითი დღევანდელი თამაშია. წინასამატჩო პრესკონფერენცია სრულიად უიმედოდ დავტოვე და საერთოდ არ ველოდებოდი გამარჯვებას, მაგრამ დღეს ჩვენმა გუნდმა ისეთი დალაგებული კალათბურთი ითამაშა, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე არ მინახავს. არვიცი რა არის ამის
მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს  ბიჭების უდიდესი მონდომების დამსახურებაა.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი):

მსურს დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის
ხელმძღვანელობას და საერთოდ ყველას,  ვინც „დინამოს“
გვერდით იდგა. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, ეს სეზონი წარმატებულია ჩვენთვის. ჩემპიონები
გახდით და ძალიან ვამაყობ ჩვენი ბიჭებით.  

ჩემპიონობის  შემდეგ სათანადოდ ვერ განეწყო გუნდი და ეს ჩემი დანაშაულია.
 მადლობა ჟურნალისტებს და  სუპერლიგას გაწეული შრომისთვის და იმედია, მომავალ
სეზონში სუპერლიგაც და  გუნდებიც კიდევ უფრო გაძლიერდებიან და  ჩვენც, მწვრთნელები კიდევ უფრო უკეთესები ვიქნებით.