შსს აკადემია სუპერთასის მფლობელიც გახდა

შსს აკადემია სუპერთასის მფლობელიც გახდა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მოიგო. კოტე
ტუღუშისა და გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა რამდენიმე დღის წინ ნაზეიმები ჩემპიონობის შემდეგ სეზონი კიდევ ერთი გამარჯვებით დახურეს.

სუპერთასისთვის ტრადიციულად ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძვიან. ჩემპიონ შსს-აკადემიას სეზონის ბოლო ტიტულს თასის მფლობელი დინამო ეცილებოდა.
სუპერსათასო მატჩს სპორტკომპლექსმა არენამ უმასპინძლა – გუნდებმა ტიტულისთვის საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაუმართეს.

მიმდინარე წლის ჩემპიონებმა მატჩი უფრო მეტი მობილიზებით დაიწყეს. დინამოელებს კვლავ აკლდათ ფინალში ტრავმირებული ილია ლონდარიძე, რაც აკადემიელებს
ფარქვეშ გარკვეულ უპირატესობას აძლევდათ. ვერ გამოიჩინა თავი დინამოელთა ძირითადმა ცენტრმა გარი შერმანმა, რაც შსს-აკადემიას მეფარის, გიორგი შარაბიძის შედეგიანობაზეც
აისახა. ირაკლი ხოშტარიას გუნდი წარმატებას პერიმეტრიდან თამაშის ეძებდა, რაც ხშირ შორ სროლებში გამოიხატა. დინამოელებმა მეტოქეზე 3-ით მეტი, 9 სამქულიანი კი ჩააგდეს,
თუმცა სხვა დისტანციებიდან ვერ იყვნენ წარმატებულნი.

დინამოელებმა ძალიან ცუდად ისროლეს საჯარიმოები – 21 ცდიდან მხოლოდ 9 ჩააგდეს, როცა აკადემიელებმა ამ კომპონენტში 15-დან 12-ჯერ იხეირეს.
შსს-აკადემიამ საწყისი 3 პერიოდი მცირე უპირატესობით მოიგო და ტუღუშის გუნდის ლიდერობამ გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 13 ქულა შეადგინა. ჩემპიონებმა მოპოვებული სოლიდური ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს. მაქსიმუმი, რაც დინამოელებმა მოახერხეს, მატჩის დასრულებამდე
2 წუთით ადრე ჩამორჩენის 5 ქულამდე (74:79) შემცირება იყო. საბოლოოდ 84:76 და შსს-აკადემიამ სეზონში მესამე ტიტული მოიგო ჩემპიონობისა და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის შემდეგ.

შსს-აკადემიას ბექა წივწივაძემ ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. 16 ქულით შეეწია გამარჯვებულებს გიორგი შარაბიძე, გიორგი ცინცძის
ანგარიშზე კი 15 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. დინამოში საუკეთესო იყო ბესო ლეჟავა, რომელმაც დიდი შედეგიანობა გამოავლინა და შეხვედრა 36 ქულით დაასრულა. 15 ქულით დახურა სეზონი გიორგი ვახანიამ.
შსს აკადემია – დინამო 84:76 <<სტატისტიკა

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.

საუკეთესო მწვრთნელი

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა შსს-აკადემიასმთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში, რომელსაც
დიდი ქართველი საკალათბურთო სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა, ვაჟა გვანცელაძემ გადასცა.

კოტე ტუღუში (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი): ძალიან ბედნიერი
ვარ, საქართველოს ჩემპიონობას თავისი დატვირთვა აქვს, სუპერთასს – თავისი. ამიტომ მიხარია, რომ სეზონი ასეთი გამარჯვებით დავხურეთ. ძალიან დიდი შრომა იყო ამ ყველაფერში ჩადებული და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს, როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, აბსოლუტურად ყველას, მათ უდიდესი შრომა გაწიეს… რთულად დავიწყეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

 საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის ოჯახმა დააწესა და მისი მფლობელი გახდა კლუბ ოლიმპის
მოთამაშე ნოდარ გოგოძე.  სეზონის  საუკეთესო  ახალგაზრდას პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა სალომემ და იოანამ გადასცეს. 

გამორჩეული მოთამაშის პრიზი

აღნიშნული პრიზი წლეულს
პირველად გათამაშდა. პრიზი დიდი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა
და ის სეზონის გამორჩეული მოთამაშისთვის დარსაძის ოჯახმა დააწესა. მისი მფლობელი გახდა
ოლიმპის მოთამაშე ნოდარ გოგოძე, რომელსაც
გელა დარსაძის სახელობის თასი დაღუპული კალათბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ
გადასცა.

ნოდარ გოგოძე (სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი): ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის პირველი ინდივიდუალური
პრიზებია , რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ძალიან დიდი სტიმულია. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ გელა დარსაძის სახელობის პრიზი მივიღე, გელა დარსაძე ჩემი ნათლია და ერთ-ერთი მასწავლებელი
იყო.

საუკეთესო მოთამაშე (MVP)

2014-2015 წლების საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც მონაწილეობა სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და
სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ შსს-აკადემიას ლიდერი გიორგი ცინცაძე გახდა, რომელსაც პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.

გიორგი ცინცაძე (2014-2015 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი):
წარმატებული სეზონი იყო როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. შსს-აკადემიამ თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც სრულად ჩამოყალიბების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. სუპერთასი ჩვენი რიგით მესამე ტიტულია ამ სეზონ ში და ეს დიდი შრომის ხარჯზე მოხდა. დიდი მადლობა გუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობას, გულშემატკივარს დასაერთოდ, ყველას, ვინც ჩვენს მატჩებზე დადიოდა.

  სუპერთასის გადაცემა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, ბექა წივწივაძეს ოთარ
ქორქიას შვილმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.

ფოტოები:

 

 

 

       საინფორმაციო სააგენტო:  www.worldsport.ge
                   ს/კ შსს აკადემიის პრეს-სამსახური