სპორტუნიმ სტუდენტური ლიგის ფინალი შეავსო

სპორტუნიმ სტუდენტური ლიგის ფინალი შეავსო

სტუდენტური ლიგის მეორე ფინალისტი ცნობილია. 3 დღის წინ ფინალში გასულ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდს დღეს სპორტუნი შეუერთდა. ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა სპორტის უნივერსიტეტელებმა ნახევარფინალურ მატჩში სეუ დაამარცხეს და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

გარდა იმისა, რომ ფინალის მომგები გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, იგი მიიღებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “ა” ლიგის საგზურს. საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად, სტუდენტური ლიგის გამარჯვებული “ა” ლიგაში გადადის და ამით საბაზისო დაფინანსების სახით 70 000 ლარს იღებს.

სწორედ ზემოთაღნიშნული ტიტული და საგზურია განკუთვნილი გამარჯვებულისთვის, რომელიც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტსა და სპორტუნის დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. ფინალური სერია ორ მოგებამდეა და პირველი მატჩი 17-ში, ხოლო მეორე – 18 ივლისს გაიმართება. ფრის შემთხვევაში, მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 21 ივლისსაა ჩანიშნული.

რაც შეეხება დღევანდელ ნახევარფინალს, პირველი ნახევრის უმეტეს დროს სეუ იგებდა. ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილ გუნდს გამოცდილი ბექა ქარცივაძე და კახა გიორგაძე ლიდერობდნენ და სეუ-საც საქმე კარგად მისდიოდა. პირველი ნახევრის ბოლოს სპორტუნი გააქტიურდა, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. ბექა ბექაიამ ჩვეულად კარგად გაართვა თავი შეტევების ორგანიზებას, რომელსაც მხარს კარგად უბავდა დამიანე ოთხმეზური. ფარქვეშ სპორტის უნივერსიტეტელებს ოთარ გაბეხაძის ეიმედებოდათ, რომელიც კარგად ართმევდა თავს მეურვეებთან ორთაბრძოლას და ქულებს ზომიერად, მოხსნებს კი ბარაქიანად იხვეჭდა.

პირველი ნახევრის ფრედ დასრულების შემდეგ, მესამე პერიოდი სპორტუნელებმა 26:12 მოიგეს და თამაშის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდში 14-ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა, თანაც ნახევარფინალში, სენსაციის სფეროა და ის არც მომხდარა. სპორტუნი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე, რომელიც შემდეგი ანგარიშით – 76:62 (სტატისტიკა) გაიფორმა და ფინალში გასვლა იზეიმა. 

გამარჯვებულებს 20 ქულით ოთხმეზურმა, ხოლო 19 ქულა-10 მოხსნით გაბეხაძემ ულიდერეს. 11 ქულით დაასრულა ასპარეზობა ბექა ბექაიამ. სეუ-ში 15 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ქარცივაძე გამოირჩა, 13 ქულა ბექა ხაჩიურის ანგარიშზეა. 

ფინალური სერიის მატჩები 17 და 18 ივლისს გაიმართება. თუ საჭირო გახდა, გთსუ-სა და სპორტუნის შორის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 21 ივლისს ჩატარდება.