სტუდენტურ ლიგაში მეორე წრის მატჩები დაიწყო. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული და საინტერესო პირველი შეხვედრა გამოდგა. ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტთა გუნდების მატჩი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა.
მატჩი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო. გიორგი ჩხეიძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა 7:0 ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა შორი სროლების ხარჯზე სტუ-მ გარდატეხა მოახდინა და პირველი პერიოდის მეორე ნახევარში მეტოქე ჩამოიტოვა. საწყისი ათწუთეული ტექნიკოსთა გამარჯვებით – 17:11 დასრულდა, რის შემდეგაც თსუ-ის ჯერი დადგა. მეორე პერიოდი სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა დიდებულად ჩაატარეს, მეტოქეს მხოლოდ 6 ქულა ჩააგდებინეს და თავად 14 მიითვალეს. დიდი შესვენებისთვის თსუ 25:23 დაწინაურდა.
მესამე პერიოდში თსუ-მ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა, თუმცა ბოლო პერიოდში სტუ-მ დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ისეთი გაქცევა მოაწყო, მატჩის ბედი გადაწყვიტა. მე-4 პერიოდი ახალი დაწყებული იყო, თსუ-ელმა გურამ ბედოშვილმა 2-ქულიანით თავისი გუნდი 40:34 დააწინაურა. აქ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 13:0 გაქცევა მოაწყო, რაც დავით დადუნაშვილის შედეგიანი შეტევით დაიწყო, შოთა ლეშკაშელის სამქულიანით გაგრძელდა და მიხეილ ჩადუნელმა რომ ჩააგდო, სტუ 42:40 დაწინაურდა.
ტექნიკოსები ამაზე არ გაჩერდნენ და უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს – ლევან ძინძიბაძისა და მერაბ დევდარიანის შედეგიანი სროლების შემდეგ. თსუ არ გატყდა და შალვა მეტონიძისა და ალექსანდრე გოგოლაშვილის შედეგიანობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 49:50. ბოლო 4 წუთი ასე ქულა-ქულაში წარიმართა.
მატჩის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა გურამ ბედოშვილის სამქულიანით თსუ-მ ლიდერობა დაიბრუნა – 60:59, თუმცა გამოცდილი დავით დადუნაშვილის ეგრეთწოდებული “ენდვანით” სტუ კვლავ გალიდერდა – 62:60. დასრულებამდე 30 წამით ადრე ბედოშვილმა სამქულიანი ააცილა და თსუ-ელები დაცვაში შოთა ლეშკაშელზე დაჯარიმდნენ. სტუ-ს უკანახაზელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და თავისი გუნდი დასრულებამდე 10 წამით ადრე 4 ქულით დააწინაურა.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა თსუ-ელმა შალვა მეტონიძემ სწრაფი ორქულიანი ჩააგდო და სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა პრესინგს მიმართეს. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე თსუ-მ ბურთის ფლობა მოიპოვა, თუმცა წუთშესვენება აღარ ჰქონდა, გვერდითა ხაზიდან შემოტანისას შეტევა რომ დაეგეგმა. თსუ-ს მოთამაშეებმა სროლა ვერ მოასწრეს და საბოლოოდ 62:64 (სტატისტიკა) დამარცხდნენ.
ამ მოგებით სტუ-მ დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა და A ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს. B ჯგუფში დაუმარცხებელია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდიც, რომელმაც დამაჯერებლად – 85:66 (სტატისტიკა) სძლია აგრარულ უნივერსიტეტს. სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც სეუ-ს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) 77:60 (სტატისტიკა) სძლია.