სტუდენტური ლიგის ნახევარფინალის საწყის მატჩებში სპორტ უნიმ და სტუ-მ იმარჯვეს

სტუდენტური ლიგის ნახევარფინალის საწყის მატჩებში სპორტ უნიმ და სტუ-მ იმარჯვეს

სტუდენტურ ლიგაში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გაიმართა და ფინალში გასვლის ფავორიტებიც გამოიკვეთნენ. გეტყვით, რომ სერია 2 მატჩისგან შედგება და რომელი გუნდიც ჯამში უკეთეს შედეგს აჩვენებს, ფინალშიც ის გავა. დღეს გამართულ მატჩებში ერთმა გუნდმა 20 ქულით მოიგო, მეორემ – 31-ით, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა სერიის მეორე მატჩის წინ.

შეიძლება ითქვას, ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩების მომგები გუნდები ცალი ფეხით ფინალში არიან, თუმცა ეს კალათბურთია და თუნდაც დიდი სხვაობით ჩამორჩენილ გუნდს წარმატების შანსი გააჩნია. საბოლოოდ რა მოხდება და ვინ გავა ფინალში, ამას ხვალ, სერიის მეორე მატჩების დასრულების შემდეგ გავიგებთ, აქ კი გეტყვით, რომ ილიას უნივერსიტეტმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. დავით ეძგვერაძის გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტთან 63:83 (სტატისტიკა) წააგო. როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. 

სპორტ-უნის 22 ქულითა და 13 მოხსით ლევან თავხელიძემ ულიდერა. 17 ქულა და 16 მოხსნა შოთა ლუარსბიშვილმა მიითვალა. 16 ქულა და 10 მოხსნა ვლადიმერ დოლიძის ანგარიშზე დაგროვდა. ილიაუნიში 25 ქულით საუკეთესო იყო ვასილ მჭედლიშვილი. 18 ქულა და 10 მოხსნა კი დაჩი დვალაძის ანგარიშზეა.

ამ გუნდების მეორე ნახევარფინალური შერკინება 9 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება. თუკი ილიაუნიმ მინიმუმ 21 ქულით არ იმარჯვა, ფინალში სპორტ-უნი გავა. 

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი გაცილებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა სტუ-მ. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 31 ქულით – 87:56 (სტატისტიკა) დაამარცხა თსსუ (სამედიცინო უნივერსიტეტი) და ფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა. ტექნიკოსებს 18 ქულით შიო ლეშკაშელმა ულიდერა. 15 ქულა და 10 მოხსნა ირაკლი წიქარიშვილმა, ხოლო 12 ქულა და 13 მოხსნა დავით ბუაჩიძის ანგარიშზე დაგროვდა. თსსუ-ში 19 ქულით საუკეთესო იყო ტატო ოთიაშვილი. 

სტუ-სა და თსსუ-ს მეორე ნახევარფინალური დაპირისპრება 9 ივლისს, 18:45 საათზე გაიმართება.