დუდუ დადიანის რიგით 25-ე გათამაშების ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდია. კსუ-კავკასიამ ფინალურ მატჩში ტურნირის წინა ორი გათამაშების გამარჯვებული “თელავი” დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნულ ტიტულს მეორედ დაეუფლა. პირველად კავკასიელებმა დადიანის მემორიალური ტურნირი 2022 წელს მოიგეს, როცა ფინალში თსუ 66:54 დაამარცხეს.
ამჯერად ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა თელავს 102:82 მოუგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა თელაველებმა კსუ-ს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. იყო მომენტები, როცა თელავი ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე კავკასიელები ხელჩსაჭიდ უპირატესობას მალევე იბრუნებდნენ და ფაქტობრივად თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
შეხვედრა კსუ-ს უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი კავკასიელებმა 27:21 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდში ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცეს (23:17) და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ბექა წივწივაძის გუნდმა შეტევაში შედეგიანობას უმატა, სეგმენტი 29:23 მოიგო და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა, ხოლო დასკვნით მეოთხედში (23:21) თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
გამარჯვებულ გუნდს 19-19 ქულით ჯასტინ ფორესტი (19 ქულა) და სანდრო სანაძე (19 ქულა, 8 პასი) ლიდერობდნენ, 18 ქულა დააგროვა გიორგი ტურძილაძემ, შამარ რაითმა შეხვედრა 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, ხოლო გეგი ბაქრაძემ და ლუკა მაზიაშვილმა გუნდს 10-10 ქულა შესძინეს. “თელავის” შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ კაილერ ვანდერჯაგტი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, და გიორგი კობახიძე 22 ქულით.
ტურნირზე დაწესებული იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც კსუ-ს უკანახაზელ სანდრო სანაძეს გადაეცა. ტურნირის MVP-ი პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
ჩემპიონთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა — სანდრომ და ნიტამ გადასცეს.
აღნიშნულ გათამაშებაში, ტურნირის ისტორიაში პირველად, მე-3 ადგილის მფლობელიც გამოვლინდა, რომელიც ტურნირის მასპინძელი რუსთავი გახდა. ქვემოქართლელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში “ახალციხე” 97:70 გაანადგურეს.