რუსთავის ზედიზედ მე-3 გამარჯვება და მაილსის სამმაგი დუბლი

რუსთავის ზედიზედ მე-3 გამარჯვება და მაილსის სამმაგი დუბლი
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტური რუსთავში დაიწყო, სადაც გიორგი ცეკვავას გაწვრთნილმა „რუსთავმა“ ზესტაფონის „მარგვეთს“ უმასპინძლა და მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ზესტაფონელები ქვემო ქართლს არასრული შემადგენლობით ესტუმრნენ — გუნდს მცირე ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე აკლდა, ხოლო რუსთაველები ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდნენ მეტოქეს და პირველივე წუთებიდანვე მოპოვებული ლიდერობა თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმიათ.
 
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რუსთაველებმა თამაში იოლად მოიგეს და პირველი პერიოდის შემდეგ მოპოვებულ 9-ქულიან სხვაობას თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ინარჩუნებდნენ (უპირატესობა ხან 15 ქულაზე, ერთ მომენტში კი 20-მდეც ადიოდა), ზესტაფონელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს. მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი დასკვნითი პერიოდის შუა წელში, დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაფიქსირდა, როდესაც „მარგვეთმა“ სხვაობა მინიმუმამდე, 4 ქულამდე (71:75) დაიყვანა. თუმცა, მასპინძელთა პასუხი მყისიერი იყო — რუსთაველთა ლიდერმა ჯეიდენ კინგმა და მისმა თანაგუნდელებმა სხვაობა მალევე გაზარდეს და მატჩი გამარჯვებამდე, 82:76 (სტატისტიკა) მიიყვანეს. სადებიუტო მარცხის შემდეგ სუპერლიგაში ეს რუსთაველთა ზედიზედ მესამე წარმატებაა, რითაც გიორგი ცეკვავას გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.
 
აღსანიშნავია, რომ რუსთაველთა შემადგენლობაში ელვინ მაილსმა სამმაგი დუბლი შეასრულა (15 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი). ეს მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში ფიქსირებული მეორე სამმაგი დუბლია — პირველად ეს მიღწევა მე-3 ტურში „თსუ“-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, ენდრიუ ობრაიენმა შეძლო.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ინდივიდუალური მაჩვენებლებით იყვნენ: „რუსთავის“ რიგებში ჯეიდენ კინგი (20 ქულა), ელვინ მაილსი (15 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი), გუგა პატაშური (10 ქულა) და კრისტიან ჯონსი (10 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „მარგვეთის“ შემადგენლობიდან ჯასტინ ვებსტერი (16 ქულა), მიხეილ ბერიშვილი (15 ქულა), ტიერნო სილა (14 ქულა, 15 მოხსნა) და ჯაზირ ტრემბლი (13 ქულა, 6 პასი) ლიდერობდნენ.

სუპერლიგის მეხუთე ტური ხვალ, შაბათს გაგრძელდება: ერთმანეთს „თსუ“ და „ახალციხე“ „თბილისი არენაზე“ შეხვდებიან, ხოლო ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 1 ნოემბერს თელავსა და ტყიბულში გაიმართება.