ესტონეთის ქალაქ ტარტუში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 წრეში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 11 მარტის თამაშებში მოგება-წაგება გაიყო. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შაბათს გამართული პირველი შეხვედრა დათმო, მეორე კი მოიგო და ამ მომენტისთვის მე-3 წრეში 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.
ქართველების პირველი მეტოქე მასპინძელი ტარტუს უნივერსიტეტის გუნდი გახლდათ. შეხვედრა ტარტუელთა 5-ქულიანი გამარჯვებით – 64:59 (სტატისტიკა) დასრულდა. მართალია, ბოლო პერიოდი ქართველებმა 28:14 მოიგეს, თუმცა მანამდე იმდენად უკან იყვნენ, დეფიციტის აღმოსაფხვრელად 14-ქულიანი ჰანდიკაპი არ ეყოთ.
ესტონელების წინააღმდეგ საუკეთესო შედეგი გიორგი ნიკოლაევმა დააფიქსირა – 13 ქულა და 10 მოხსნა. 11 ქულა მიითვალა გერა ჭეიშვილმა. 7 ქულა ილია სულაძის ანგარიშზეა.
მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესტონურსავე რეინარ ჰალიკუს წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 50:38 (სტატისტიკა). 12 ქულით ბომბარდირი ნიკოლაევი გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი ილია სულაძემ დააფიქსირა – 9 ქულა, 6 მოხსნა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მე-3 წრისა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კვირას, თბილისის დროით 12:30 საათზე ლატვიურ აუდიენტასთან გამართავს, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება. ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში ჯამში გამართული 14 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 6 აქვს მოგებული.