დასრულდა მინიკალათბურთში თბილისის 2002-წლამდელთა ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია, 20 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო და საინტერესოდ მიმდინარეობს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ფესტივალზე დღეს ის 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებიც დედაქალაქის ჩემპიონის გამოსავლენად იბრძოლებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, რომელიც საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა, რამდენიმე საკვანძო მატჩი გაიმართა.
„მართვესა“ და „ჰიუნდაის“ შორის მოგებული „გ“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. ძირითადი დრო 30:30 დასრულდა, ხოლო დამატებითი 3-წუთეულის დასრულებამდე 12 წამით ადრე მართველებმა ორქულიანი ჩააგდეს და 39:38 დაწინაურდნენ. ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჰიუნდაელებმა მოახერხეს გამარჯვების ბურთის ჩაგდება და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.
თითოეულ ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში ავტომატურად შევიდნენ. პლეი ოფის 8 გუნდი საუკეთესო 2-მა მესამეადგილოსანმა შეავსო. ესენი არიან „ოვერტაიმი“ და TBC. ამ გუნდების მსგავსად თავის ჯგუფში 2 მოგება და 2 წაგება დააგროვა „ბასტიონმა“, თუმცა ბასტიონელებს ბურთების უარესი შეფარდება ჰქონდათ და ჯგუფში ჩარჩნენ.
მეოთხედფინალური მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილს, მეოთხედფინალურ წყვილებს და მომავალი თამაშების კალენდარს აქვე გთავაზობთ.