საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროჩელენჯის ნახევარფინალში გავიდა. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა უნგრეთს 61:51 (სტატისტიკა) სძლიეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე უკრაინა იქნება. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს პორტუგალია და უნგრეთი შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჩელენჯერში 7 გუ
ნდი მონაწილეობს, რომლებიც ფიბა-ს რეიტინგში ევროპაში 19-25 ადგილებს იკავებენ. ეს 7 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის. დღეს დასრულდა სწორედ ჯგუფური ეტაპი და საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. ქართველებმა დიდებულად ითამაშეს უნგრეთის წინააღმდეგ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის დაწყებამდე ქართველებმა კარგი ამბავი შეიტყვეს. სლოვაკეთმა, რომელმაც პირველ ტურში საქართველო 77:76 დაამარცხა, მოულოდნელად კვიპროსთან წააგო და საქართველოს, როგორც კვიპროსელთა 10 ქულით მძლეველს, ჯგუფიდან გასვლა დაუკანონდა. ბოლო მატჩში უნგრეთთან წაგების შემთხვევაშიც კი, საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა და ნახევარფინალში გადიოდა. მოგების შემთხვევაში კი საქართველო 2 მოგებას და 1 მარცხს აგროვებდა და ანალოგიური შედეგის მქონე უნგრეთს პირადი მოგების ხარჯზე ცხრილში სჯობნიდა. ასეც მოხდა, საქართველომ ზედმეტი გართულების გარეშე სძლია უნგრეთს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 4 პასით საუკეთესო იყო ლუკა ალავიძე. 10 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ხოლო ანრი ბელთაძის ანგარიშზე 5 ქულა და 10 მოხსნაა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა და ნახევარფინალში უნგრეთს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში კი ჩვენ სერიოზული მეტოქე გველის – უკრაინის ნაკრები.
საქართველოსა და უკრაინის ნახევარფინალური დაპირისპირება 20 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.