სტატისტიკა
გია კაზანჯიანის გაწვრთნილი “აკადემია” ფინალშია.
აკადემიელებმა დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში 105:62 დაამარცხა “ქუთაისი”
და სერიაში საერთო ანგარიშით – 3:2 გაიმარჯვა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, თამაში დაძაბული არ ყოფილა.
თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ფრედ – 12:12 დასრულდა. მეორე პერიოდში
აკადემიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც შედეგზეც აისახა. ათწუთეული
30:13 იმარჯვეს და აკადემიელები დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ
– 42:25.
ამის შემდეგ ქუთაისელებმა თამაში ვეღარ გამოასწორეს და
საბოლოოდ 43 ქულის სხვაობით დამარცხდნენ, რაშიც უდიდესი წვლილი აკადემიელ ლუკა ბულაშვილს
მიუძღვის, ვის ანგარიშზეც 45 ქულა, 7 ჩაჭრა, მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. 14 ქულა დაუგროვდა
ნიკოლოზ დარბაიძეს, ხოლო დავით აფხაზავამ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. ქუთაისელთაგან
15 ქულით და 9 მოხსნით ანრი რუხაძე გამოირჩა, ლადო ფურცხვანიძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა
– 10 ქულა, 13 მოხსნა.
ფინალში გასულ “აკადემიას” ჩემპიონობას
“დინამო” შეეცილება, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში “შსს-აკადემია”
მშრალი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გია კაზანჯიანი (“აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): მართალია, მე-5 გადამწყვეტი შეხვედრა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რეალურად გუნდების ძალა დღეს გამოჩნდა. ფინალში “დინამოსთან” ძალიან რთული თამაშები გველოდება. ჩვენი გუნდი საკმაოდ გადაღლილია და ამ მხრივ “დინამოს” უფრო დიდი უპირატესობა აქვს და ფავორიტად მას მივიჩნევ.
კობა კირთაძე (“ქუთაისის” მწვრთნელი): ძალიან უკმაყოფილო ვარ ბიჭების თამაშით. ისეთი ელემენტარული შეცდომები დაუშვეს, რაც ნამდვილად აღარ ეპატიებათ. მივულოცავ აკადემიის გუნდს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენ კი ვეცდებით გაცილებთ უფრო მეტად ვიშრომოთ და სამომავლოდ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.