“აფხაზეთი” ჩემპიონია! ალექსი და ლიკა ქაჯაიების გაწვრთნილმა გუნდმა ძალიან დაძაბულ და ემოციურ ფინალურ სერიაში “ვინგსი” დაამარცხა და 16-წლამდელთა “ბ” ლიგის გამარჯვებული გახდა. ორმატჩიანი ფინალური სერიის პირველი შეხვედრა “აფხაზეთმა” 8 ქულით წააგო, თუმცა მეორე დაპირისპირებაში იმდენად შედეგიანად ითამაშა, რომ მთელი 21 ქულით გაიმარჯვა და დამსახურებული ჩემპიონი გახდა.
“ბ” ლიგის გათამაშების ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. 16-წლამდელთა ლიგაში ამ სეზონში 56 გუნდი ასპარეზობდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ტურნირი წინა სეზონიდან გადმოვიდა და 19 ოქტომბერს ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა. ფინალური სერიის მეორე მატჩს საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო. ოლიმპიური სასახლის პატარა დარბაზის ტრიბუნები ორივე გუნდის ქომაგებმა ბოლომდე შეავსეს.
“აფხაზეთი” პირველი პერიოდის შემდეგ 18:20 აგებდა და თითქოს განწირული ჩანდა, თუმცა მეორე ათწუთეულში ქაჯაიას გაწვრთნილმა გუნდმა გარდატეხა მოახდინა. 20:6 მოგებული მეოთხედის შემდეგ, “აფხაზეთი” დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდა და მეორე ტაიმში მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი “ვინგსი” ბევრს ეცადა, თუმცა დარჩენილ დროში ჩამორჩენა სასურველ ნიშნულამდე ვერ შეამცირა. არადა, 6 ქულით მარცხი ვინგზელებს ხელს აძლევდათ, თუმცა საბოლოოდ 52:73 წააგეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ჩემპიონებს ფინალურ მატჩში 29 ქულით ვალერიან ჟამუტაშვილმა ულიდერა. 9-9 ქულა ჰქონდათ საბა კალმახელიძეს და გიორგი მირცხულავას. სწორედ მირცხულავა დასახელდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, რომელსაც ფინალის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე შესაბამისი პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრმა მამუკა ლომიძემ გადასცა. მაყურებელთა რჩეული “ვინგსის” მოთამაშე – თემურ იორდანიშვილი გახდა, რომელიც კავშირის გამგეობის წევრმა გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვა.
თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა გადასცეს ორივე გუნდს შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლები, ბოლოს კი, კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა “აფხაზეთის” კაპიტანი საბა კალმახელიძე საჩემპიონო თასით დააჯილდოვა.
16-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშების მესამე ადგილის მფლობელი გახდა საბა ჩიხლაძისა და ალეკო ქისტაურის გაწვრთნილი “გოა”, რომელმაც ძალიან დაძაბულ მატჩში, ბოლო წამებზე ჩაგდებული ეგრედწოდებუი and1-ით – 52:51 დაამარცხა “აკადემია”. გოელები ბრინჯაოს მედლებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვეს.
იხილეთ ფოტოგალერეა