აჭარის რეგიონიდან 3×3 ჩემპიონატის ფინალში ბათუმური გუნდი გავიდა

აჭარის რეგიონიდან 3×3 ჩემპიონატის ფინალში ბათუმური გუნდი გავიდა

 TEAMSგალერეა 

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რიგით მეოთხე შესარჩევ ტურს ბათუმმა უმასპინძლა. თბილისის, მცხეთის და თელავის შემდეგ ფინალური ეტაპის საგზური ბათუმშიც გათამაშდა, სადაც თავი ძირითადად აჭარის რეგიონის გუნდებმა მოიყარეს, თუმცა რამდენიმე ძლიერი გუნდი ქუთაისიდან და თბილისიდანაც ჩავიდა.
სწორედ ერთადერთმა თბილისურმა გუნდმა მოიგო ტურნირი – ისევე როგორც წინა ორ ტურში – მცხეთასა და თელავში – ბათუმშიც გუნდმა AND1-მა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გუნდი ბათუმში გადახალისებული შემადგენლობით იმყოფებოდა. ლევან ტუხაშვილი და ირაკლი ალხანაიძე გიორგი ვახანიამ და თორნიკე ვარდოსანიძემ ჩაანაცვლეს. გუნდის დანარჩენი 2 წევრი დათო ეძგვერაძე და ზუკა მაჩალაძე გახლდნენ.
AND1-მა ტურნირი კი მოიგო, მაგრამ 12 ივლისს, თბილისში გასამართ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ვერ დაეპატრონა. დებულების თანახმად, ფინალის საგზური ერგება იმ რეგიონის საუკეთესო გუნდს, სდაც შესარჩევი ტური ტარდება.  ბათუმიდან საქართველოს ფინალში გადავიდა “Angry Dolphins”-ი (ლევან ელიაძე, ნიკა რამიშვილი, ირაკლი ნიკურაძე), რომელმაც ფინალური შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 16:17 დათმო AND1-თან.
ბათუმის ტური ნაცვლად ბულვართან ახლოს, ქართული ანბანთქების მონუმენტისა, ეგრეთ წოდებულ ყინულის მოედანზე გაიმართა. ამის მიზეზი წვიმიანი ამინდი იყო, რის გამოც ღია ცის ქვეშ შეჯიბრის გამართვა შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ადგილმდებარეობის ცვლილებისა, ტურნირში საკმაოდ ბევრმა – 18 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 6 ჯგუფში განაწილდნენ.
თბილისურ და ბათუმურ გუნდებთან ერთად ნახევარფინალში 2 ქუთაისური გუნდი – “ბრატები” და “ქორები” გავიდნენ. იმერელთა სამწუხაროდ, ფინალში ვერც ერთი ქუთაისური გუნდი ვერ გავიდა. ფინალი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა – ტურნირის გამორჩეულმა მოთამაშემ – სუპერლიგის “ბათუმის” წევრმა ნიკა რამიშვილმა ბოლო წამზე გამთანაბრებელი საჯარიმო ააცილა და გამარჯვება თბილისურ AND1-ს დარჩა.
გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და საჩემპიონო თასით აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა. საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური 30 ივნისს, ოზურგეთში გაიმართება.