ინტერვიუ გიორგი ნიკოლაძესთან
20-წლამდელთა ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი “შსს-აკადემიაა”. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წაგება აქვს და ჩემპიონობის უპირველეს კანდიდატებადაც მიიჩნევიან. აკადემიელებს ახალგაზრდა მწვრთნელი, გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობს, რომელიც 18-წლამდელთა ნაკრებშიცაა დაკავებული. ნიკოლაძე საკმაოდ გაწონასწორებული მწვრთნელია და სიმშვიდეს მაშინაც ინარჩუნებს, როცა მის გუნდს თამაში არ მისდის. “შსს-აკადემიის” შესახებ და ზოგადად, საკალათბურთო თემებზე გიორგი ნიკოლაძემ ჩვენთან ისაუბრა.
20-წლამდელთა ჩემპიონატი
მისასალმებელია, რომ ჩემპიონატი 4 წრედ ტარდება. რაც უფრო მეტი თამაში ექნებათ ბიჭებს, მით უკეთესია მათი კარიერისთვის და განვითარებისთვის.ცუდის ის არის, რომ შარშანდელის მსგავსად წელსაც ცოტა გუნდი მონაწილეობს. საორგანიზაციო საკითხების მხრივ კი ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგია, რომ წლიდან წლამდე იხვეწება და უმჯობესდება ჩემპიონატი.
უშუალოდ ჩვენ გუნდს რაც შეეხება, 17 ტურიდან ერთადერთი წაგებით სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ეს ადვილი არ იქნება, ყველაფერი პლეიოფებზე გამოჩნდება. ქუთაისი, ჰიუნდაი და ოლიმპი – ვფიქრობ, ამ გუნდებიდან ყველას აქვს შანსი.
20-წლამდელთა გუნდში მთავარი მწვრთნელობა დიდი პასუხსიმგებლობაა, ვიტყოდი, ზედმეტიც კი. მაგრამ ვეცდები ყველანაირად გავამართლო იმედები. მიყვარს ჩემი საქმე და ეს სპორტი.
შსს აკადემია
კლუბში ძალიან კარგი გარემოა. მოგეხსენებათ, რომ პირველ წრეში არეულობა იყო, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა და ყველაფერი დალაგდა. ეს შედეგებზეც აისახა. ცვლილებები კლუბისთვის სასიკეთო გამოდგა. ცხრილის ფსკერზე ვიყავით, ახლა კი შედარებაც არაა, ბათუმთან არავინ ელოდა ჩვენს გამარჯვებას და საქართველოს თასზეც ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, ,,ქუთაისთან” მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. რეგულარულის ცხრილშიც უკეთესი სიტუაცია გვაქვს. კარგია, რომ კლუბში დროზე მოხდა ეს გარდატეხა. არჩილ ჟღენტი სუპერლიგაში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მე კი 18-წლამდელებთან ერთად 20-წლამდელთა გუნდიც ჩავიბარე. ბიჭები სხვანაირად არიან მოტივირებული, კლუბი ვითარდება და ვფიქრობ, პლეიოფისთვის უკვე სათანადო მზადყოფნაში ვიქნებით.
ბავშვთა სკოლა
თუ კლუბს განვითარება უნდა და სურს, რომ მომავალში რაიმეს წარმოადგენდეს, აუცილებელია თავისი ბავშვთა სკოლა ჰქონდეს და 16, 18 და 20-წლამდელთა გუნდები ჰყავდეს. კლუბს უნდა ჰქონდეს ბაზა,ზრდიდეს მოთამაშეებს და ამ ბაზიდანვე იღებდეს შევსებას. ჩვენ, სამწუხაროდ, პატარა ასაკის ბავშვები არ გვყავს, ამას რთული და ძირეული სამუშაოები სჭირდება. გაერთიანებული ვართ “მართვეს” სკოლასთან და ბავშვებიც იქიდან აგვყავს, მათ ფორმებიდან დაწყებული ყველაფრით უზრუნველვყოფთ. ძირითადად, 14 წლის ასაკიდან ვიწყებთ შევსებას, შემდეგ გვყავს 16, 18 და 20-წლამდელები. “არმიამაც” ასე დაიწყო, 16-წლამდელთა ასაკში კემპი ჩაატარა და მიიღო ბავშვები. შესაძლოა ეს სხვა სკოლებისთვის არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ევროპაში ყოველთვის ასე ხდება. ძლიერი კლუბები ძლიერ მოთამაშეებს კრებენ. ეს კონკურენციაა და ბუნებრივად მიმაჩნია. საუკეთესო ბავშვებზე ვაკეთებთ აქცენტს, ვსვამთ ჩვენს სქემაში, ვზრდით და ვდილობთ ჩვენს კლუბს გამოადგნენ. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია. მართვე ჩვენი მთავარი მომწოდებელია, მაგრამ რეგიონებიდანაც ჩამოვიყვანეთ მოთამაშეები და მათ ყველანაირი პირობა შევუქმენით, მაგალითად, გიორგი ხუბულაშვილი გორიდან, დავით ჟღენტი – ბათუმიდან.
სუპერლიგაში ასპარეზობა ბავშვებისთვის დიდი სტიმულია. მოგეხსენებათ, შარშან 16-წლამდელებში ჩემპიონებიც გავხდით. მაშინ ბერძენი მწვრთნელი გვყავდა და მან კარგად გამოიყენა ეს სისტემა. კეცელიდისმა პირველად დააყენა სუპერლიგაში მოედანზე გიორგი ჩაჩხიანი, ლევან გოგალაძე, ვილი ისიანი, ვასილ მჭედლიშვილი. ბავშვებისთვის ეს ძალიან დიდი სტიმული იყო. მათთვის ბევრს ნიშნავდა რაიმონდის, არჩიბექის და ვონის დონის კალათბუთელებთან ასპარეზობა. აღსანიშნავია, რომ ვილი ისიანი ჩვენი კლუბიდან წავიდა ესპანეთში. ეს სისტემა მოსახერხებელი გამოდგა კლუბებისთვის და ამას კარგად ვიყენებთ. ბავშვები მონდომებული არიან, გაათმაგებული ძალებით შრომობენ. ყველას აქვს შანსი სუპერლიგაში ითამაშოს.
პრობლემები
ჩემპიონატებში და, ზოგადად, ბავშვთა კალათბურთში, პრობლემები, რა თქმა უნდა არსებობს. კარგი იქნებოდა ბავშვები 20-წლამდელთა ჩემპიონატში უფრო მომზადებულნი მოდიოდნენ, მათ ისეთი ხარვეზები აქვთ, რაზეც მწვრთნელს არ უნდა სჭირდებოდეს დროის დაკარგვა, პრობლემაა ბავშვთა სკოლებში, მოთამაშეებს ამ ასაკში ელემენტარულს არ უნდა უხსნიდე. მით უმეტეს, როცა მათი შერჩევა ნაკრებისთვის ხდება, მაქსიმალურად უნდა იყვნენ მომზადებული და მწვრთნელებს არ უნდა გვიწევდეს წვრილმანებზე დროის კარგვა. კადრებზეც ყოველთვის პრობლემაა, რისი მიზეზიც ცოტა გუნდის არსებობაა, არადა, ნაკრებისთვის აუცილებელია დიდი კონკურენცია. ახლ არჩევანი ძალიან მწირია, მით უფრო, რომ 20-წლამდელთა გუნდებში ბევრი 16 და 18 წლის კალათბურთელი თამაშობს.
ვფიქრობ, მთავრობის და სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ამ სახეობით დიდი დაინტერესება უნდა ხდებოდეს. ჩვენთან არც პირობებია, არც დარბაზები, ბევრ მშობელს გადასახადის გადახდის საშუალებაც კი არ აქვს. საჭიროა კალათბურთის მეტი პოპულარიზაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ეს ლიტვაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში მოხდა. რეგიონებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სპორტსკოლების შექმნას, არა მხოლოდ ბათუმსა და ქუთაისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქსა და რეგიონში. არ შეიძლება რუსთავს, რომელსაც უდიდესი საკალათბურთო ტრადიციები აქვს, მხოლოდ ერთი დარბაზი ჰქონდეს, ბავშვთა კალათბურთს დიდი მიხედვა სჭირდება. კალათბურთზე ბავშვების მოზიდვა უნდა ხდებოდეს და როცა ბევრი ბავშვი გეყოლება, უკვე არჩევანიც დიდი გექნება.
18-წლამდელთა ნაკრები
შარშან 16-წლამდელებში ვიყავი, წელს 18-წლამდელების ნაკრების მწვრთნელი ვარ. ვფიქრობ, კარგი თაობა გვყავს. შარშან დიდი შედეგი იყო ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე გასვლა. ბევრი გრანდი ჩვენ უკან დარჩა. ეს დიდი მუშაობის დამსახურება იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტია საჭირო. 18-წლამდელებში ბევრად უფრო რთულია, თანაც ეს ისეთი ასაკია, სადაც ხშირად არის ხოლმე ჩავარდნები. იმედია, წელს დავარღვევთ ამ ტრადიციას. რაც მთავარია, ფედერაციისგან ყველანაირი ხელშეწყობა და პირობა გვაქვს შექმნილი და ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.
ეროვნული ნაკრები
ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ჯერ მწვრთნელის საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ჩემი პირადი აზრით, ისევ კოკოშკოვმა უნდა გააგრძელოს ეს საქმე. მისადმი ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი, რადგან ძალიან დიდი საქმე გააკეთა ჩვენს ნაკრებში. რაც შეეხება ჯგუფს, ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავალთ ჯგუფიდან და რევანშსაც ავიღებთ ჩეხეთთანJ