„აკადემიამ“
„მართვე 2“-ს ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაუთანაბრა.
ვასილ სომხიშვილისა და გია
კაზანჯიანის გაწვრთნილმა აკადემიელებმა დიდი ბრძოლისა და მობილიზების ხარჯზე უმნიშვნელოვანესი
გამარჯვება მოიპოვეს.
ყველაზე დიდი
პრობლემა „მართვე 2“-ის ლიდერის, ამ მატჩში 40 ქულის მომგროვებლის – დავით ლომიძის
შეჩერება იყო. მატჩის ბოლო წუთებზე მწყობრი დაცვის ხარჯზე აკადემიელებმა ეს მოახერხეს,
შეტევაშიც წაუვიდათ თამაში და მატჩის ბოლოსწინა წუთზე 8 ქულით დაწინაურდნენ, რითაც
მატჩში გამარჯვებულის ვინაობა სათავისოდ გადაწყვიტეს.
მატჩის უდიდესი
ნაწილი მართველები ლიდერობდნენ. „აკადემიას“ მდევრის როლში უწევდა ყოფნა, თუმცა საჭირო
მომენტში სომხიშვილის გუნდმა გასაკეთებელი გააკეთა და მიზანს მიაღწია. გამარჯვებულთა
რიგებში გამოირჩეოდა და განსაკუთრებით ბოლო წუთებში იყოჩაღა დავით აფხაზავამ, რომელმაც
თამაში 31 ქულით დაასრულა. ფარქვეშ ლუკა გიორგაძე (24 ქულა, 13 მოხსნა) გამოირჩეოდა,
რომელსაც ნიკა ლეონიძე ეხმარებოდა.
სერიაში ანგარიში
1:1 გახდა და იმას, თუ რომელი გუნდი გავა ფინალში, მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს.
მეორე ნახევარფინალურ სერიაშიც თანაბარი ანგარიშია: „რუსთავი 1“ – „შსს-აკადემია“
1:1.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვასილ სომხიშვილი(აკადემია): სერიის პირველი
თამაში გავაანალიზეთ და დღეს ნაკლები შეცდომა დავუშვით. ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და
დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. მომდევნო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს
გამარჯვებისთვის.
ხათუნა გაბედავა(მართვე-2): ,,აკადემიამ’’
დღეს ბევრად უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე წინა მატჩში. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა
და წინ ურთულესი გადამწყვეტი შეხვედრა გველის. დღეს დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.
დავით აფხაზავა(აკადემია): კარგი დაცვის
ხარჯზე მოვიგეთ და შეტევაშიც სწორად ვითამაშეთ, თუმცა გვქონდა ხარვეზები. მაქსიმალურად
მოვინდომებთ და შევეცდებით გადამწყვეტი თამაშისთვის შეცდომების გამოსწორებას.
დემეტრე წიკლაური(მართვე-2): პირველ რიგში, მივულოცავ ,,აკადემიას’’ გამარჯვებას.
ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც ჩვენი მარცხი განაპირობა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა
და ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მესამე თამაში მოვიგოთ. ფინალში
საუკეთესო გუნდი გავა.
აკადემია – მართვე-2 86:80