16-წლამდელთა პლეიოფის მორიგი მატჩები შედგა ვაკეში
მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში. ნახევარფინალის საგზურისთვის ერთმანეთს
,,სოხუმი“ – თსსუ, აკადემია – რუსთავი1 და კარდინალი ორბი – ავერსი დაუპირისპირდნენ.
,,სოხუმმა“ სამედიცინო დაძაბულ ბრძოლაში 55:53 დაამარცხა
და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის საწყისი ათწუთეული გუნდების თანაბარი უპირატესობით
წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ,,მედიკოსები“ გააქტიურდნენ და წინ 4-ქულის სხვაობით გავიდნენ – 31:27. მესამე მეოთხედში
სოხუმელებმა თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და 40:38 დაწინაურდნენ. დრამატული გამოდგა გადამწყვეტი მეოთხედი, სადაც თამაში
ქულა-ქულაში წავიდა. საბოლოოდ მობილიზება სოხუმის გუნდმა მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე
07:00 წამით ადრე 3 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 55:52. დარჩენილ დროში თსსუ-მ ვეღარაფერი
გააწყო პლეიოფს გამოეთიშა. ,,ზღვისპირელებს“ ორმაგი დუბლით 24 ქულითა და 10 მოხსნით
სოსო მაჭავარიანმა ულოდერა, ხოლო სამედიცინოს მხრიდან ორმაგი დუბლი ნიკოლოზ ლომიძის
ანგარიშზეა – 16 ქულა და 12 მოხსნა. დრამატული გამოდგა
აკადემიისა და რუსთავი 1-ის დაპირისპირება, სადაც აკადემიელებმა 62:59 იმარჯვეს. შეხვედრის
პირველ ათწუთეულში რუსთაველები დაწინაურდნენ (20;16), თუმცა მეორე მეოთხედში აკადემიელები
აქტიურად ათამაშდნენ და წინ გასვლაც მოახერხეს – 38:32. დაძაბული გამოდგა მესამე მეოთხედიც, სადაც ,,ქვემოქართლელებმა“
ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 49:53. მიუხედავად
ამისა, დასკვნით მეოთხედში აკადემიამ შეძლო
თამაშზე კონცენტრაცია და პერიოდის მე-5 წუთზე 60:51 გავიდნენ წინ. დარჩენილ დროში ,,რუსთავი“
მდევრის როლში აღმოჩნდა, თუმცა მეტოქეს ვეღარ დაეწია და მარცხი განიცადა. მოგებულთაგან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ
მიითვალა. თემურ პეტრიაშვილმა 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო რატი ნონიკაშვილმა
– 13 ქულა და 11 მოხსნა. რუსთავი 1- მხრიდან კი თავი ნუგზარ ტაბაღუამ გამოიჩინა, რომელმაც
საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა.
დღესვე გაირკვა მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობაც,
რომელიც ,,კარდინალსა“ და ,,ავერსს“ შორის უნდა გამოვლენილიყო. კარდინალი-ორბმა მეტოქე იოლად 82:48 დაამარცხა და
ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის საწყისი ათწუთეული ავერსის სასარგებლოდ
წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდში ,,კარდინალი“ მძლავრად ათამაშდა და 10-ქულიან უპირატესობას
უწია – 34:24. მეორე ტაიმში ,,თბილისის კარდინალებმა“ მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და მატჩში იოლად იმარჯვეს. ავერსელებს 12 ქულა ლუკა მაჩაიძემ შესძინა, ხოლო ,,კარდინალს“
23 ქულით ლევან გოგალაძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა დიმიტრი ბობილევმა, რომელმაც
16 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
მაშ ასე, ნახევარფინალში
ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ,,ქუთაისი“ – ,,კარდინალი“ და ,,სოხუმი“ – ,,აკადემია“
დაუპირისპირდებიან, ხოლო პლეიაუტში ერთმანეთს ,,ზაზა“ -,,ავერსი“ და თსსუ – რუსთავი
1 შეხვდებიან, რომელთა შორის გამარჯვებულებიც 5-6 და 7-8 ადგილებს გაინაწილებენ.