New Era Basketball კემპი დასრულდა

New Era Basketball კემპი დასრულდა

 გალერეა

დღეს დასრულდა სლოვენიელი მწვრთნელების მიერ 10 დღის მანძილზე მიმდინარე საკალათბურთო კემპი „New Era Basketball”, რომელიც კალათბურთის ევროვნული ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და რომლის ფარგლებშიც 60-მდე ახალგაზრდა თანამედროვე საკალათბურთო ვარჯიშებს ეზიარა.

კემპი 2 ეტაპად ჩატარდა. 19-დან 23 მაისის ჩათვლით თბილისის „დინამოს“ ბაზაზე 18 წლის და ზემო ასაკის კალათბურთელები შეიკრიბნენ და კომბინირებული ვარჯიშების კურსი გაიარეს. სლოვენიელი სპეციალისტები -ლუკა კრიჟაი, ჟიგა მრავლიაკი, მატიც მრავლიაკი და უროშ ნინიჩი – ახალგაზრდები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა კომპონენტში ავარჯიშებდნენ.

უშუალოდ კომბინაციებთან ერთად მიმდინარეობდა ვარჯიშები ფიზმომზადებაში, ორიენტაციასა და სხვადასხვა კომპონენტებში.

23 მაისს პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის შემდეგაც ასპარეზი 15-17 წლის ახალგაზრდებს დაეთმოთ, რომლებიც 5 დღის განმავლობაში ემზადებოდნენ სლოვენიელმა მწვრთნელებმა ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტოივაციის მისაცემად გამოაცხადეს, რომ კემპის საუკეთესო ორ მონაწილეს სლოვენიაში ორკვირიან მოსამზადებელ კურსს გაატარებდნენ. 

უცხოელ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით სლოვენიაში გოგა ბითაძე და რეზი ჩიქოვანი გაემგზავრებიან.

კემპის რამდენიმე ვარჯიშს დაესწრო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, რომელმაც ახალგაზრდებთან ერთად ივარჯიშა კიდეც და მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
 
კემპის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ მონაწილეებს შორის საკუთარი, „მილუოკი ბაქსის“ მაისურა გაათამაშა. პირობა ასეთი იყო, ვინც მოედნის ცენტრიდან ბურთს ჩააგდებდა, ფაჩულიას მაისურიც მისი იყო. ცენტრიდან ბურთის ჩაგდება კლუბ „არმიას“ 18-წლამდელთა გუნდის წევრმა, თორნიკე გაგუამ მოახერხა, რომელსაც მილუოკელი ცენტრის სათამაშო მაისური ერგო.

ვლადიმერ ბოისა: ჩვენ მიერ  ჩატარებული კემპით ყველა კმაყოფილია. მთლიან ჯამში სულ  50 ბავშვმა ივარჯიშა. კემპს დაესწრო ძალიან ბევრი  მწვრთნელი და  და როგორც აღნიშნეს, დიდი  ცოდნა შეიძინეს.  სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ  მწვრთნელების მიერ არჩეული  მოთამაშეები,  რეზი ჩიქოვანი და გოგა ბითაძე სლოვენიაში გაემგზავრებიან და იქაც გააგრძელებენ ვარჯიშს.   
ზაზა ფაჩულია: ძალიან წარმატებული კემპი  ჩატარდა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური და სერიოზული ღონისძიება და სასიხარულოა, რომ  ბავშვებს მიეცათ კარგი  შანსი კვალიფიციურ  მწვრთნელებთან ევარჯიშათ. მეც სიამოვნებით მივიღე მონაწიელობა როგორც მწვრთნელმა ამ კემპში და  ბავშვებს რამდენიმე ვარჯიშიც ჩავუტარე.  იმედია, ეს მათ  მნიშვნელოვან  შედეგს  მოუტანს  და დიდად წაადგებათ  საკალათბურთო კარიერაში.
უროშ ნინიჩი: ძალიან ვისიამოვნეთ ბიჭებთან მუშაობით და დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვნახეთ საქართველო, შევიძინეთ ახალი მეგობრები. ძალიან მომეწონა თბილისი და ზოგადად, ქართველი ხალხით აღფრთოვანებული ვარ. რა შეეხება ჩვენ მიერ არჩეულ ბავშვებს, ისინი ნამდვილად იმსახურებდენ ამას. მათში დიდი მოტივაცია და მონდომება დავინახეთ და სლოვენიაშიც გავაგრძელებთ მათთან მუშაობას.
გოგა ბითაძე: ძალიან კარგი კემპი ჩატარდა.  მწრთნელებსაც და მოთამაშეებსაც კარგი საშუალება აქვთ კვალიფიკაცია აიმაღლონ. ყველა გახარებულები  ვართ, რაც შეგვიძლია  ვვარჯიშობთ და მოტივაციაც დიდი გვაქვს.

რეზი ჩიქოვანი: მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ კარგ კემპზე მივიღეთ მონაწილეობა.  მწვრთნელები გადაწყვეტილებით, სლოვენიაში გავემგზავრები და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩვენთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა.