გალერეა
“დინამოს”
ბაზაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე საკალათბურთო კემპი
“New Era
Basketball”-ის პირველი ეტაპი დასრულდა. 5 დღის განმავლობაში სლოვენიიდან
მოწვეული სპეციალისტები 18 წლისს და ზევით ასაკის კალათბურთელებს კომპლექსურ ვარჯიშებს
უტარებდნენ.
4
მწვრთნელისგან შემდგარი გუნდი პერსპექციულ ქართველ კალათბურთელებს ყველა კომპონენტში
ავარჯიშებდნენ. ბურთით ვარჯიშთან ერთად კალათბურთელები ფიზიკურად ემზადებოდნენ.
ხვალიდან
კემპში 15-17 წლის ახალგაზრდები ჩაერთვებიან. პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელ ვარჯიშებთან
ერთად ახალგაზრდებს დიდი მოტივაციაც აქვთ. როგორც ცნობილი გახდა, კემპის საუკეთესო
2 ახალგაზრდას სლოვენიელი მწვრთნელები საკუთარ სამშობლოში მიიწვევენ და ერთკვირიან
ვარჯიშებს ჩაუტარებენ.
დღევანდელ
ვარჯიშს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ვლადიმერ ბოისა და კახა შენგელია
დაესწრნენ. კემპზე მოვიდა და ვარჯიშებში მონაწილება მიიღო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა,
“მილუოკი ბაქსის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ზაზა ფაჩულიამ. ცნობილმა კალათბურთელმა
ახალგაზრდა სპორტსმენებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
SCHEDULE
Dinamo Training Gym
24.05.2014
20.00 – 22:00
25.05.2014
09:30 – 12:00
20:00 – 22:00
26.05.2014
09:30 – 12:00
20:00 – 22:00
27.05.2014
09:30 – 12:00
20:00 – 22:00
28.05.2014
09:30 – 12:00
20:00 – 22:00
ვლადიმერ ბოისა: დღეს დასრულდება კემპი 18-დან
20-წლამდე მოთამაშეებისთვის, ხვალ საღამოს 8 საათიდან კი დაიწყება 15-17 წლების ასაკობრივ
ჯგუფებთან ვარჯიშები. ძალიან კარგი კემპი გამოვიდა, კმაყოფილები არიან მწვრთნელები
და, რაც მთავარია, მოთამაშეები. სამწუხაროა, რომ კემპს მწვრთნელთა მცირე რაოდენობა
ესწრება, რადგან მსგავსი კემპებისგან ისინი ბევრს ისწავლიდნენ. დასწრება და ვარჯიშების
ყურება ყველა მოთამაშისთვის და მწვრთნელისთვის თავისუფალია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ,
“დინამოს” ბაზაზე მოვიდნენ. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ძალიან მაღალი
დონის კემპი ჩაატარა და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. სლოვენიელი
მწვრთნელები ვარჯიშების პერიოდში 2 საუკეთესო მოთამაშეს აარჩევენ და სლოვენიაში 1 კვირით
წაიყვანენ, სადაც ცხოვრებით, კვებით და ვარჯიშებით უზრუნველყოფენ. ეს დამატებითი სტიმულია
კალათბურთელებისთვის.
ზაზა ფაჩულია: ძალიან მაღალი დონის კემპია. მწვრთნელები ზუსტად ისე ავარჯიშებენ ბიჭებს, როგორც
ეს ყველაზე ძლიერ ქვეყნებში ხდება. კარგია, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებს ასეთი მაღალი
დონის კემპში მონაწილეობის საშუალება მიეცათ. იმედია, დაიმახსოვრებენ ყველაფერს, რაც
ამ დღეებში ისწავლეს და მომავალში გააგრძელებენ ასეთ ვარჯიშებს. მწვრთნელებსაც კარგი
შანსი ჰქონდათ დაენახათ, თუ როგორი ვარჯიშები სჭირდებათ მოთამაშეებს.
უროშ ნინიჩი: ძალიან ვისიამოვნეთ. არაჩვეულებრივი
ბიჭები არიან, ყოველ ვარჯიშზე ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ. ამ
5 დღის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, ბევრი რამ ისწავლეს და ხვალიდან
უკვე უფრო პატარა ასაკობრივ ჯგუფებთან დავიწყებთ მუშაობას. იმედი მაქვს, ამ ვარჯიშებისგან
ბიჭები ბევრ სასიკეთოს შეითვისებენ, მწვრთნელები კი ამ კომპონენტების გახვეწაში დაეხმარებიან.
არჩილ ჟღენტი
(მწვრთნელი): მივესალმები ფედერაციის ინიციატივას და ასეთი ღონისძიებების
ჩატარებას საქართველოში. საკმაოდ კარგი მწვრთნელები
ჩამოვიდნენ, რომლებიც ჩვენს მოთამაშეებს დიდი ცოდნას გადასცემენ და ეს დიდად წაგვადგება
მწვრთნელებსაც. რაც უფრო ხშირად ჩატარდება ასეთი ღონისძიება, მით უფრო სასარგებლო იქნება ქართული კალათბურთისთვის.
ბექა დარახველიძე
(კემპის მონაწილე): ფედერაციის მხრიდან ასეთი კარგი კემპის ჩატარება კარგი გადაწყვეტილება იყო.
დიდი გამოცდილება მივიღეთ მოთამაშეებმა, საინტერესო
ვარჯიშები ჩაგვიტარდა, ბოლომდე დავიხარჯეთ
და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ძალიან კვალიფიციური მწვრთნელები არიან და თავისი საქმე უმაღლეს დონეზე იციან. ორი მწვრთნელი
ბურთთან, ორი კი ფიზიკურ მომზადებაზე ავარჯიშებს. იმედია, ეს კემპი მომავალშიც დაგვეხმარება
იმაში, რომ უკეთესი კალათბურთელები გავხდეთ.
თორნიკე ქიტოშვილი: ძალიან სერიოზული კემპი იყო. სამწუხაროა,
რომ მხოლოდ 5 დღე გამოგვივიდა ვარჯიში. თუმცა ამ 5 დღეშიც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ
– ფიზიკური მომზადებიდან და ბურთის სროლით დაწყებული, პატარა დეტალების და წვრილმანების
ჩათვლით. ყველაფერი გვასწავლეს, ყველაფერზე მიგვითითეს და ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ
ის მინუსები, რაც გვქონდა. დაინახეს ჩვენი პლიუსები და ამაზეც გვამუშავეს. ძალიან მაღალი
დონის სპეციალისტები არიან და მადლობელი ვარ მათი. კარგი იქნება, თუ მსგავსი კემპები
ხშირად ჩატარდება, ეს კალათბურთის განვითარებისთვის და ჩვენთვის, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის,
ძალიან მნიშვნელოვანია.