16-წლამდელთა ფინალისტები დღეს საკალათბურთო აკადემიაში
გამოვლინდნენ. ორივე ნახევარფინალურ სერიაში საქმე მე-3, გადამწყვეტ მატჩამდე იყო მისული.
„შსს-აკადემიამ“ „რუსთავი 1“ დაამარცხა, ხოლო „მართვე 2“-მა „აკადემიას“ აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში დიდი სხვაობა დაფიქსირდა,
თუმცა „აკადემიისა“ და „მართვე 2“-ის დაპირისპირება მეორე შეხვედრაზე გაცილებით დაძაბული
იყო. ამ გუნდების წინა დაპირისპირება სპორტის სასახლეში შედგა, როცა აკადემიელებმა
დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება. დღევანდელ მატჩშიც თანაბარი ბრძოლა იყო, აკადემიელები
არაფერს უთმობდნენ მეტოქეს და წარმატების შანსს ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდნენ.
„მართვე 2“ წინა მატჩებისგან განსხვავებით უფრო გუნდურად
თამაშობდა. მართველებს ტრადიციულად დავით ლომიძე ლიდერობდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში
ხათუნა გაბედავას გუნდი უფრო გუნდურად თამაშობდა. 16-წლამდელთა ნაკრების სამივე წევრი
– ნოდარ სანაია, დემეტრე წიკლაური და დავით ლომიძე შედეგიანად ასპარეზობდნენ. სწორედ
ამ კალათბურთელების ძალისხმევამ გადაწყვიტა მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში.
საბოლოოდ „მართვე 2“-მა 74:60 მოიგო და ფინალის საგზური
მოიპოვა. სანაიამ 28 ქულით და 25 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ლომიძემ
20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო წიკლაურმა 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. აკადემიელებში
20 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, ხოლო ლუკა გიორგაძემ 7 ქულა და 27 მოხსნა დააგროვა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ‘შსს-აკადემიამ“ „რუსთავი“
94:69 დაამარცხა. აკადემიელებმა თავიდანვე დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი
მეოთხედი 29:11 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 22 ქულით ლიდერობდნენ. რუსთაველებმა
მეორე მეოთხედში ვერაფერი შეცვალეს და საბოლოოდ „შსს-აკადემია“ გამარჯვებამდე იოლად
მივიდა.
გამარჯვებულთაგან 26 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო
ვილი ისიანი იყო. 24 ქულა მოაგროვა ლევან გოგალაძემ, ხოლო თენგო სხირტლაძემ აკადემიელებს
20 ქულა შესძინა. „რუსთავში“ 21 ქულით ბომბარდირი ილია წიქარიშვილი გახდა, გიგი გოგობერიშვილმა
17 დააგროვა, ხოლო გიორგი ქავთარაძის ანგარიშზე 14 დაგროვდა.
ფინალური სერია, რომელშიც ჩემპიონობისთვის „შსს-აკადემია“
და „მართვე 2“ დაუპირისპირდებიან, 18 მაისს დაიწყება. მეორე მატჩი 20-ში გაიმართება,
ხოლო მესამე შეხვედრა, საჭიროების შემთხვევაში, 21 მაისს ჩატარდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
შსს აკადემია – რუსთავი 94:69
გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემია):
პირველ რიგში, დიდი მადლობა ბატონ ოთარ ხმელიძეს და ,,რუსთავს”, რომელიც ძალიან ძლიერი და მებრძოლი
გუნდია. სპორტსმენის კარიერა შარშან დავასრულე და მიხარია, რომ როგორც ახალბედა მწვრთნელს,
ასეთი კარგი გუნდი მყავს. მე და ბიჭები ერთად
ვიზრდებით და ვცდილობთ უფრო და უფრო მაღალი
შედეგი ვაჩვენოთ.
რაც
შეეხება მატჩს, წინა თამაშზე ბევრი ხარვეზი გვქონდა, რაც დღევანდელ თამაშზე გამოვასწორეთ
და ეს ანგარიშზეც აისახა. დღევანდელი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით დაცვაში თამაშით. ფინალური მატჩებისთვის
მომზადებას უკვე ხვალიდან დავიწყებთ.
ოთარ ხმელიძე (რუსთავი):
დაძაბული სერია იყო. სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მატჩში მარცხი განვიცადეთ. ბიჭებმა უხეში შეცდომები დაუშვეს
და მათი გამოსწორება ვეღარ მოახერხეს. ჩვენი გუნდი დღეს ჩვეულ ფორმაში არ იყო და მოწინააღმდეგე კონტროლიდან სრულიად გაგვექცა. ვულოცავ
,,შსს აკადემიას” ფინალურ საგზურს, რ ძალიან ძლიერი გუნდია და ნაკრების წამყვანი მოთამაშეებითაა
დაკომპლექტებული, ჩვენ კი მე-3 ადგილისთვის
ვიბრძოლებთ.
გიგი გოგობერიშვილი(რუსთავი):
წლავანდელი ჩემპიონატით კმაყოფილი ვარ, ძალიან
კარგი პლეი ოფები გამოვიდა, ნახევარფინალები კი განსაკუთრებით დაძაბული იყო.
დღევანდელ
თამაშს რაც შეეხება, ცუდად დავიწყეთ და არც დაცვაში და არც შეტევაში გამოგვივიდა ასპარეზობა.
მეტოქემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. ვფიქრობ შსს
-მ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მე-3 ადგილისთვისაც საინტერესო შეხვედრა გაიმართება
და მაქსიმუმს გავაკეთებთ მოსაგებად.
ლევან გოგალაძე(შსს აკადემია):
პირველ თამაშში კარგად ვერ ვიასპარეზეთ, დასვენებულები ვიყავით და შეთამაშება გვაკლდა.
მეორე შეხვედრაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით. დღეს კი ისე ვითამაშეთ, როგორც გვჩვევია
და დიდი სხვაობით მოვიგეთ. ფინალისთვის მოვემზადებით,
ვფიქრობ, არ უნდა გაგვიჭირდეს წარმატების მიღწევა.
ვილი ისიანი(შსს აკადემია):
პირველ თამაშში ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა,
ასეთი ცუდი დაცვა სეზონის განმავლობაში არ გვითამაშია. ყოველთვის ადვილად ვიმარჯვებდით,
ამიტომ გაგვიჭირდა პირველი შეხვედრა. მეორე თამაშში კიდევ უფრო მეტი შეცდომა დავუშვით,
რამაც ჩვენი მარცხი განაპირობა. თუმცა ეს წაგება
აუცილებელი იყო, რათა მეტი მოტივაციით გვეთამაშა და დღევანდელი შედეგისთვის მიგვეღწია.
აკადემია – მართვე2 60:74
ვასილ სომხიშვილი(აკადემია): პირველ რიგში,
მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ერთი წლით უფროსები არიან და ამას თავის გავლენა ჰქონდა,
ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნენ ბიჭები და ტრავმიანობამაც იმოქმედა. ამ ეტაპზე ,,მართვე-2” უფრო ძლიერია და დამსახურებულად
მოიგო. ვამაყობ ჩემი გუნდით და მადლობას ვეტყვი
ჩემს ბიჭებს ყველაფრისთვის. მონდომებულები ვიყავით, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის
ძალები აღარ გვეყო. იმედიანად შევხვდებით მომავალ სეზონს.
ხათუნა გაბედავა (მართვე2): გამარჯვება
გუნდური თამაშის წყალობით მოვიპოვეთ. იოლი მატჩი არ ყოფილა, აკადემიამ ღირსეული
წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა ჩვენი გუნდის ლიდერებმა კარგად ითამაშეს და ფინალის
საგზური მოვიპოვეთ. ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დაგვრჩა. „შსს-აკადემია“ ძალიან ძლიერი
მეტოქეა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.
ნოდარ სანაია(მართვე-2):
კარგი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ, წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ, თამაშიც
წაგვივიდა და გავიმარჯვეთ. ფინალში ,,შსს აკადემიას”
ვხვდებით. მართალია, ჩვენზე მეტი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ, თუმცა არაფერს დავიშურებთ
მიზნის მისაღწევად.