სტატისტიკაგალერეა
დღეს საკალათბურთო აკადემიაში 16-წლამდელთა ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც “აკადემიამ” “დინამო” 20-ქულიანი სხვაობით, 96:76 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. აკადემიის გუნდმა შეხვედრა თავიდანვე სოლიდური უპირატესობით დაიწყო, რაც მატჩის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნა და გამარჯვებამდე მშვიდად მივიდა. მოგებულებს 39 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა, 19 ქულითა და 10 მოხსნით ნიკა დარბაიძე გამოირჩა, 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დავით აფხაზავამ მიითვალა, ხოლო 10-10 ქულა საბა აკობიასა და ნიკა ლეონიძის ანგარიშზეა. დინამოს მხრიდან 17 ქულითა და 12 მოხნით საუკეთესო გიორგი თვალაბეიშვილი იყო, 16 ქულა დააგროვა ლუკა მაჭავარიანმა, ხოლო 10 ქულა გუნდს ნიკა ჭანტურიამ შემატა.
ფინალურ წყვილს შორის სერიის მეორე მატჩი 5 ივნისს 19:00 საათზე, ხოლო მესამე შეხვედრა – 6 ივნისს 16:30 საათზე გაიმართება. ორივე მატჩს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი (აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგი და სანახაობრივი მატჩი იყო. ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა თავდასხმაში, მაგრამ დაცვაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მართალია სერიაში 1:0 დავწინაურდით, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მოგეხსენებათ 18-წლამდელებში ჩვენი გუნდი 16-წლამდე ასაკის კალათბუღტელებით ასპარეზობს და წინ ფინალური სერიის გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი მატჩი ელით, ასე რომ ჩვენთვის ყველაფერი თავიდან იწყება.
ამბროსი ორმოცაძე (დინამოს მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში აკადემიის გუნდს მივულოცავ დღევანდელ გამარჯვებას,. ჩვენი მეტოქე ამ ეტაპზე უფრო მომზადებული გამოდგა და მობილიზებული შეხვდა თამაშს. რაც შეეხება “დინამოს”, ჩვენმა ბიჭებმა დღეს თავიაანთი შესაძლებლობების მხოლოდ 30-40 პროცენტი გამოავლინეს, რაც ემოციურმა ფონმა განაპირობა. სამწუხაროდ, მოთამაშეები გამარჯვებაზე უფრო მეტად კონცენტრირებულნი აღმოჩნდნენ, ვიდრე უშუალოდ თამაშზე. ვეცდებით, მეორე მატჩს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.