“ქუთაისი” ლიდერებში დამკვიდრდა

“ქუთაისი” ლიდერებში დამკვიდრდა

აქამდე ჩრდილში მდგარი „ქუთაისი“ ასპარეზე გამოვიდა და თუკი აქამდე ცხრილის ქვედა ეშელონში იყო, ახლა ლიდერებშია და პლეი ოფში გასვლის რეალურ კანდიდატიცაა.

ქუთაისელებმა ბოლო კვირაში 3 თამაში მოიგეს – „ბათუმი“, „რუსთავი“ და გუშინ გათამაშების ლიდერ „51–ე სკოლას“ თბილისში მოახრევინეს ქედი.ქუთაისელებმა გუშინ ძალიან გააზრებული, ლამაზი და სწრაფი კალათბურთი ითამაშეს – ასე რომ არ გაეკეთებინათ, პირველ ადგილზე მყოფ ლიკა ქაჯაიას გუნდს ვერც დაამარცხებდნენ. დავით იაშვილი გუნდის მოტორივით იყო, რომელსაც სწრაფად გადაჰქონდა მეტოქის მოედანზე ბურთი და ელვისებურ გარღვევებსაც ახორციელებდა. ქუთაისელებს საიმედოდ ჰქონდათ გამაგრებული ფარქვეშეთიც – სადაც მცირე გამონაკლისის გარდა დომინირებდა ნოდარ მესხი. ის ხსნიდა, აგდებდა და სწრაფ შეტევებსაც მოხდენილად აგვირგვინებდა.ქუთაისელებმა პირველივე მეოთხედში რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, ბოლო წუთებამდე ხელიდან არ გაუშვიათ. ბოლო მეოთხედში იყო მომენტი, როცა 51–ე სკოლელები იმერლებს ოდნავ წამოეწივენ, მაგრამ დავით იაშვილმა ზუსტი გარღვევებით ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და ქუთაისელებს სანატრელი გამარჯვება მოაპოვებინა.გუშინდლი მატჩებიდან საინტერესო იყო „მართვე–1“–ისა და „ბათუმის“ შერკინება. ზურა სამხარაძის გაწვრთნილი მართველები მთელი თამაში იგებდნენ და ეს არც იყო გასაკვირი. თბილისელები ლიდერთა შორის არიან, ხოლო ბათუმელებს 2 ლიდერი აკლდათ – ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ირაკლი მიქელაძე და ტრავმირებული თენიეშვილი. მიუხედავად ამისა, ბათუმელები მაინც არ დანებდნენ. ისინი ერთ ხანს 25 ქულასაც აგებდნენ, მაგრამ მათი კიდევ ერთი ნიჭიერი მოთამაშის – დავიტ რამიშვილის დახმარებიტ ბოლო მეოთხედში მინიმუმამდე მიუახლოვდნენ მართველებს – 64:65.რამიშვილი გასაოცარ გარღვევებს ახორციელებდა. მესამე და მეოთხე ათწუთეულში მან ფაქტობრივად ყველა ფარზე შესვლა შედეგიანად დააგვირგვინა. მიუხედავად მისი მეურვეების გაცილებით დიდი სიმაღლისა, რამიშვილი ისე გადაავლებდა მათ ზეაღმართულ ხელებს ბურთს, რომ სამხარაძის შეგირდებს მისი დაფარების შანსიც არ ჰქონიათ. უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მთელს გუნდს მხოლოდ რამიშვილი ეთამაშებოდა და ბათუმელთა თავკაცმა სპეციალურად დავითის დასასვენებლად აიღო ორჯერ წუთშესვენება. რამიშვილი ისე დაიღალა, რომ როცა ბურთი მას არ ჰქონდა, მოკუნტული დაიარებოდა. გიორგი ამირხანაშვილიც გვერდში ედგა რამიშვილს და ამ ორმა ბიჭმა კინაღამ სენსაციური გამარჯვება მოაპოვებინეს ბათუმელებს. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იყო, მაგრამ მართველებმა მაინც იძალეს. ნაკრების ცენტრმა ბექა ბურჯანაძემ გუგა ძიძიგურმა „მართვე–4“–ს გასამარჯვებლად საკმარისი ქულები მიუთვალეს.დანარჩენ შეხვედრებში ბრძოლის ნატამალიც არ ყოფილა. „მართვე–4“–მა „აფხაზეთი“ დაამარცხა, ხოლო „მართვე–3“–მა „რუსთავი“ არ დაინდო.