საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატს ქუთაისი და დინამო ლიდერობენ

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატს ქუთაისი და დინამო ლიდერობენ

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე სატურნირო ვითარება

18-წლამდელებთან ერთად განახლდა საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატიც. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი და პლეი ოფში გამსვლელი 8 ადგილისთვის იბრძვიან. მეოთხედფინალისტები 2 წრის თავზე გამოვლინდებიან, ამ ეტაპზე კი გასამართი 22  ტურიდან 4-ია ჩატარებული და ცხრილს 4-4 გამარჯვებით ქუთაისი და დინამო ლიდერობენ.

4 და 5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგები და სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში (http://gbf.ge/league/u16/schedule#mbt:275-303$t&0=1) ნახოთ. გამართული შეხვედრებიდან ყველაზე დაძაბული გამოდგა ზაზას აკადემიისა და საკალათბურთო აკადემიის დაპირისპირება. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა, რომლებიც მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 5 ქულით ლიდერობდნენ და “ზაზას” წევრის, ლუკა ალავიძის შედეგიანობის გამო ჩამორჩნენ, საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდეს. გამარჯვების ბურთი ლუკა გვასალიას ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, ბომბარდირი კი საბა გურეშიძე გახდა 23 ქულით. 

საინტერესო გამოდგა ასევე გინამოსა და ჰიუნდაის დაპირისპირება. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი დინამოელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობნენ, თუმცა ირაკლი ჩერქეზიშვილის ჰიუნდაელები ბოლომდე იბრძოდნენ და შანსსაც ინარჩუნებდნენ. კოკა კაკულიას (25 ქულა, 12 მოხსნა) და გიორგი სულაბერიძის (19 ქულა, 15 მოხსნა) ლიდერობით დინამოელებმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს და როგორც მოგახსენეთ, ჩემპიონატში “ქუთაისთან” ერთად დაუმარცხებლად ლიდერობენ.

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 7 და 8 თბერვალს გაიმართება.