საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 3X3 კალათბურთის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული ფედერაციები მათი აქტივობის მიხედვით არიან კლასიფიცირებულნი. საქართველოს ფედერაციამ წინა რეიტინგთად შედარებით წინ 16 საფეხურით წაიწია და დღესდღეობით მე-20 ადგილზეა.
ფედერაციების რეიტინგი აქტივობით განისაზღვრება. რაც უფრო მეტ ფიბა-ს ეგიდის ტურნირს ჩაატარებს და რაც უფრო მეტი კალათბურთელი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით უფრო დიდია კონკრეტული ფედერაციის რეიტინგი. საქართველომ ამ მხრივ გასულ წელს დიდი ნაბიჯები გადადგა და გაცილებით მეტი აქტივობა იგეგმება 2014-ში.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფიბა-ს სტანტარტის 2 მოედანი შეიძინა და ზაფხულში 3X3კალათბურთში პირველ ეროვნულ ჩემპიონატს ჩაატარებს. ტურნირი მთელს საქართველოს მოიცავს – პირველ ეტაპზე გამოვლინდება ყველა რეგიონის საუკეთსო გუნდი, რის შემდეგაც თბილისში ფინალური ტურნირი ჩატარდება, სადაც რეგიონალურ ეტაპებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან.
გადაწყვეტილია ეროვნული ნაკრების შეკრებაც, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და წარმატების შემთხვევაში იმ ფინალურ ეტაპზე გავა, რომელსაც მომავალ სექტემბერში რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, მასში მონაწილეობა სწორედ აქ წარმოდგენილი რეიტინგით განისაზღვრება. სადღეისო მონაცემებით, საქართველოს მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობის უფლება ეკუთვნის, თუმცა აღნიშნული ჩემპიონატისთვის ადგილები გასული წლის რეიტინგით შეივსო, როცა საქართველო საუკეთესო 24-ეულში არ შედიოდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 3X3 კალათბურთში ისეთი ქვეყნის ფედერაციებს უსწრებს, როგორებიც არიან ესპანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი… იმ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 3X3 კალათბურთში წელს აქვს დაგეგმილი, ჩვენი ფედერაციის ადგილი ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად ამაღლდება.
Batumi Open 2013
Tbilisi Open 2013
Eurotour – Tallin Open