შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ. დღეს, კამპანიის ფარგლებში, კალათბურთის აკადემიის დარბაზში ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ „არმიას“ მწვრთნელი კოტე ტუღუში 16 წლამდე საკალათბურთო ნაკრებს შეხვდნენ. პროფესიონალმა კალათბურთელებმა ახალგაზრდებს მასტერკლასი მოუწყვეს. შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების საფრთხეებზე ისაუბრეს. კალათბურთელები ერთად მოუწოდებენ ქართველ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.
საკალათბურთო სამყარო ბიო და ნებისმიერ ნარკოტიკს არას ეუბნება და დღევანდელი აქციაც, რომელშიც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ, ამის ნათელი მაგალითი იყო.