თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში „ჰიუნდაი 3“ და „აკადემია“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური მატჩები მოიგეს და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს 5 ნოემბერს შეებრძოლებიან.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ერთი კლუბის 2 გუნდი შეხვდა: „ჰიუნდაი“ „ჰიუნდაი 3“-ის წინააღმდეგ. პირველ გუნდს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნიკო ჩერქეზიშვილი წვრთნის, მეორეს კი – მისი შვილი ირაკლი ჩერქეზიშვილი. მამა და შვილის სპორტული დაპირისპირება შვილმა მოიგო – „ჰიუნდაი 3“-მა 75:67 დაამარცხა „ჰიუნდაის“ პირველი გუნდი.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ირაკლი ჩერქეზიშვილის შეგირდებმა მეტი აგრესიითა და შემართებით ითამაშეს. მესამე პერიოდი „ჰიუნდაი 3“-მა 18:12 მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდშიც 6 ქულით იმარჯვა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ფინალისტებს ვახტანგ გაფრინგაშვილიმა 24 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა, კოკა ფიფიას ანგარიშზე კი 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
მეორე ნახევარფინალში „აკადემიამ“ „იბერი“ დაამარცხა. ირაკლი ხომერიკისა და ნიკა ჯანდიერის გაწვრთნილი „იბერი“ ბოლო მეოთხედამდე უძალიანდებოდა მეტოქეს, თუმცა მეოთხე პერიოდში ალეკო ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა სიზუსტეს უმატეს და ათწუთეულის 29:9 მოგებით საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს – 86:52.
აკადემიელებმა გუნდურად ითამაშეს – ხუთმა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია. ყველაზე მეტი – 19 ქულა ნიკა მეცხვარიშვილმა დააგროვა. 16 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ოთო პერტაიას.
მაშ ასე, 5 ნოემბერს ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი გაიმართება: მესამე ადგილისთვის „ჰიუნდაი 1“ და „იბერი“ 11:30 საათზე ითამაშებენ, ხოლო საჩემპიონო მატჩი 13:15 საათზე „აკადემიასა“ და „ჰიუნდაი 3“-ს შორის გაიმართება.
საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობდნენ და რომლის მოგებულიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო საგზურს იღებდა, „ჰიუნდაი 2“-მა მოიგო. ლაშა თოიძის გუნდმა ჯერ „მართვე“ დაამარცხა, შემდეგ კი თსუ 2-ის ძლევით ქვეყნის 16-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი. ნახევარფინალი. 3 ნოემბერი
ჰიუნდაი – ჰიუნდაი 3 67:75
აკადემია – იბერი 86:52