VIDEO
ვახტანგ ქადარია Red Bull King of the Rock 2014-ის მსოფლიო ფინალის მესამე ადგილის მფლობელია. ტაივანის კუნძულ სამასანაზე გამართულ ერთი-ერთზე ქუჩის კალათბურთში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა მოქმედი ჩემპიონი, „მხეცად“ წოდებული ამერიკელი ტარონ უილიამსი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ კივანჩ დილნერთან დამარცხდა.
ქართველი სპორტსმენისთვის ნახევარფინალში გასვლა სოლიდური წარმატება გახლდათ, რამეთუ სამასანას კუნძულზე თავი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებმა მოიყარეს.
ქადარიას პირველ წრეში ამერიკელი უილიამსი შეხვდა, რომელსაც დამაჯერებლად სძლია. მეორე წრეში – მერვედფინალში ქართველ სპორტსმენს გასული წლის Redbull King of The Rock-ის ტრიუმფატორი, ამერიკის განთქმულ ციხე „ალკატრასში“ გაჩემპიონებული ტარონ უილიამსი შეხვდა. ქადარიამ მოქმედ ჩემპიონს არაფერი არ დაუთმო.
ვახტანგს მეოთხედფინალშიც ამერიკელი შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მხოლოდ ამერიკას ჰყავდა რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა რიცხვიც 5-ს შეადგენდა. ქადარიამ მესამე წრეშიც იძალა. მანამდე იაპონელისა და ყაზახი მეტოქეების მძლეველ ამერიკელს, გვარად შელდონს ქადარიამ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ტურნირის 4 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრილმა ქადარიამ ნახევარფინალში მარცხი მომავალ ჩემპიონთან, 37 წლის კივანჩ დილნერთან განიცადა.
ვახტანგ ქადარიას ყველა თამაში >>>> http://www.appledaily.com.tw/livechannel/archive/72/398